თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსში – „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2015“ გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. თბილისის მერმა გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა თბილისის მერიაში ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა.
“მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები მეწარმეობის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობენ, აქვთ იდეები, მოსაზრებები, რაც პროექტებად აქციეს. წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი იდეების საფუძველზე დაფუძნებული სოციალური საწარმოები წარმატებულია. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ კონკურსში გამარჯვებული პროექტებიც კონკრეტულ სოციალურ საწარმოებად იქცევა და წინა წლების მსგავსად, წარმატებული იქნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელ კონკურსში თბილისის ოთხი უნივერსიტეტი მონაწილეობდა - „კავკასიის უნივერსიტეტი“, „ქართული უნივერსიტეტი“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონკურსი ორ ნომინაციაში გაიმართა. პირველი ნომინაციის მიხედვით სტუდენტებს არსებული სოციალური საწარმოს განვითარებაზე მიმართული პროექტი უნდა შეედგინათ. მეორე ნომინაციაში მონაწილე სტუდენტთა გუნდებს კი სოციალური საწარმოს დაფუძნებით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა შეერჩიათ და ერთობლივად შეემუშავებინათ ახალი საწარმოს ბიზნეს-პროექტი.
პირველ ნომინაციაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიმარჯვეს, მეორე ნომინაციაში კი ჟიურიმ გამარჯვებულად „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტები დაასახელა. მეორე ნომინაციაში გამარჯვებული გუნდის პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახალი სოციალური საწარმოს დაფუძნების პროექტს განახორციელებს.
კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" 2012 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში სტუდენტების აქტიური ჩართვაა. კონკურსის ორგანიზატორები არიან „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, კონკურსის მხარდამჭერია თბილისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები






