საკრებულოს უმცირესობაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამის მიზეზი, თამარაშვილის 13 ნომერში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტი გახდა.
თბილისის საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი - ალეკო ელისაშვილი, თვლის რომ ბიძინა გიორგობიანი დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. მისი ვარაუდოთ, ხეების მოჭრის ნებართვის უკან, გარკვეული პირადი ინტერესები იმალება.
„პირობებს უნდა კარნახობდეს ქალაქი და არა ვიღაც მტაცებელი დეველოპერი. ამაშია საქმე, თუ აქ არ იყო ფინანსური ინტერესი და ბატონმა გიორგობიანმა რაღაც-რაღაცეები თუ არ ჩაატარა ამ ნებართვის სანაცვლოდ. აი, ეს არის გასარკვევი. ბიძინა გიორგობიანი შეუძლებელია თანამდებობაზე დარჩეს" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძეც თვლის, რომ აღნიშნულზე აუცილებელია შესაბამისმა პირებმა აიღონ პასუხისმგებლობა."ფაქტია რომ ქალაქში ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა და ამაზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს. შესაბამისი სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და არა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამო, მე შევახსენებ ჩემ კოლეგებს, მათ შორის ალეკო ელისაშვილს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვითხოვდით ამ გუნდის შეცვლას, სწორედ იმიტომ რომ ასეთი ტიპის მოქმედებები გამორიცხული ყოფილიყო" - ირაკლი აბესაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი - ბიძინა გიორგობიანი საკრებულოში სიტყვით დღეს წრსდგება და თამარაშვილის 13 ნომერში მოჭრილი ხეების შესახებ ისაუბრებს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






