რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 80 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა.
არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე - კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. ამასთან, აღნიშნული სოფლებისთვის ეს გზა უმოკლესია დედაქალაქთან დასაკავშირებლად.
მასალის გამოყენების პირობები






