19 აპრილს, საღამოს 5 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ასურელი ქრისტინების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მთავარი გზავნილი სირიაში მომხდარი ძალადობის დაგმობა და სახელმწიფოსდმი იმ თხოვნის მოწოდებაა, რომელიც ასურელი ოჯახებისთვის საქართველოში თავშესაფარის შექმნას გულისხმობს.
აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტები - ნინო ლაბარტყავა და ლიზა გეგეჭკორი არიან, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ან რელიგიურ ხასიათს.
,,ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, არ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, თუმცა პროფესიით ჟურნალისტები. ვაწყობთ ამ აქციას იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ასურელი ოჯახების მიმართ, რომლებიც გენოციდის მსხვერპლნი არიან, ჩვენი კონკრეტული მესიჯია გვერდით დავუდგეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ასურელ ოჯახებს. თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ თუ არის შესაძლებლობა რამდენიმე ასეთი გაუბედურებული ოჯახი და უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი შევიფაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვერ შევიფარებთ და ამაზე არც გვაქვს პრეტენზია, იქნებ ნაწილი მაინც გადავარჩინოთ, განსაკუთრებით ბავშვები, მე და ლიზა გეგეჭკორი მზად ვართ თითო ბავშვი ავიყვანოთ საკუთარ ოჯახებში, ვიშვილოთ, გავზარდოთ და შევიფაროთ. იგივე აზრზეა ძალიან ბევრი ადამიანი. ისინი მზად არიან შეიფარონ ასურელი ბავშვები და გაზარდონ ჯანმრთელ, ნორმალურ პირობებში” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო ლაბარტყავამ .
შეგახსენებთ, რომ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფება “აისისი” სისტემატურად აქვეყნებს ასირიელების წამებისა და დახოცვის შემზარავ კადრებს. საქართველოში მცხოვრები ასურელები კი მსოფლიოს მხრიდან რეაგირებასა და დახმარებას ითხოვენ, სწორედ ამ თხოვნით გაიმართება 19 აპრილის აქციაც.
ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად სოციალურ ქსელ ფეისბუკში, შესაბამისი გვერდიც შეიქმნა: https://www.facebook.com/events/674177326022163/permalink/674326029340626/


რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






