1989 წელს, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისსთვის პატივის მისაგებად, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მივიდნენ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშრებით, ფინანსთა მინისტრმა - ნოდარ ხადურმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ ეს დღე საქართველოს წინსვლის და გაერთიანების დღეა.
„26 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ამ დღიდან იწყება თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი, რომელიც სანუკვარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ეს დღე არა მარტო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოა, არამედ არის საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის დღეც.
სწორედ ამიტომ, 9 აპრილის მძიმე წუთების გახსენებისას, თოთოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
ჩვენი თანამემამულეების თავდადება გვავალდებულებს მტკიცედ დავიცვათ მონაპოვარი" - ნოდარ ხადური.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მიერ გაღებული ეს დიდი მსხვერპლი, უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო იქნება დამოუკიდებელი და განვითარებული ქვეყანა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები






