მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პანაშვიდი 12:00 საათზე, ხოლო გამოსვენების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება.
4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






