თბილისის მერის თქმით, „მთაწმინდის რაიონში საგზაო სამუშაოებს ძირითადად გამგეობის შესაბამისი სამსახურები, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებენ. „ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფუნდამენტურად მოეწყო საფარი, რის შემდეგაც აღდგება გზის დაზიანებული ნაწილი და ახალი, ქვაფენილიანი გზა გვექნება. პარალელურად მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა სხვა ქუჩებზე. მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მთაწმინდის რაიონის გამგებლის თქმით, ბოლო 10 წლის მანძილზე აღნიშნულ ქუჩას რამდენჯერმე დასჭირდა შეკეთება, რადგან არ იცვლებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მისივე თქმით, უკვე შეიცვალა ყველა სახის მიწისქვეშა კომუნიკაცია. „50 000 ათას ლარამდე ღირებულების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადაში, აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს. რეაბილიტაციის ფარგლებში 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი და მომზადდა საფუძველი განახლებული ქვაფენილის მოსაწყობად“ - განაცხადა გელა არჩვაძემ.
მთაწმინდის რაიონში (კოჯორი, ვაჟა-ფშაველას პირველი გასასვლელი) ამ დროისთვის კიდევ ერთ ობიექტზე მიმდინარეობს ქვაფენილიანი გზის 400 კვადრატული მეტრის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც საერთო ჯამში 30 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები






