თბილისის საკრებულომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის ახალი წესი დაამტკიცა.
სხდომათა დარბაზში, საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა, ხმაური ასევე საკრებულოს შენობის გარეთაც იყო, სადაც უფლებადამცველები ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აქციის წევრები საკრებულოს შენობასთან შინაურ ცხოველებთან ერთად მივიდნენ და შენობის ყველა შესასვლელი გადაკეტეს.
დეპუტატებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის შესახებ ინფორმაცია, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა, რასაც ცხოველთა უფლებების დამცველები არ დაეთანხმნენ. მათი განცხადებით, ახალი წესი არ ითვალისწინებს ცხოველთა პატრონების უფლებებს.
პროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია, რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულება განახორციელებს. ასევე შეიქმნება აღრიცხვის ბაზა და საკუთრებაში მყოფი ცხოველისთვის საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი ყელსაბამი, ან მიკროჩიპი იქნება საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ახალ რეგულაციებს დაარღვევს და არ დაემორჩილება , საქმეში სასამართლო ჩაერთვება და პირი შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდება.
ცხოველის დამარხვა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში იქნება შესაძლებელი.
გაკონტროლდება ძაღლის საბმელის ზომა. მოკლე საბმელის შემთხვევაში ძაღლის გასეირნება ხალხმრავალ ადგილებში დასაშვებია, თუმცა გრძელი საბმელისას, საჭიროა ცხოველს ალიკაპი ეკეთოს. დადგინდება სეირნობისათვის გამოყოფილი დროც.
ასევე, პატრონი ვალდებულია ნარევი ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა უზრუნველყოს.
ცხოველთა ევთანაზია დასაშვები ხდება თავშესაფრის სივრცის გარეთაც, ცხოველისათვის აუტანელი ტკივილის შესამსუბუქებლად, როდესაც ვეტერინარიული დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია ან ცხოველი ზედმეტად აგრესიულია და ადამიანს საფრთხეს უქმნის.
მასალის გამოყენების პირობები






