თბილისის მერია და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახალ პროექტს - „სითი ფორუმი - ერთად ვიზრუნოთ თბილისზე“ იწყებენ. დედაქალაქის მოსახლეობას ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მეტროპოლიტენითა და ავტობუსით მგზავრობისას პირადად გააცნეს.
პროექტს თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი მიზანი ქალაქის დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობაა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს. უკვე იწყება მომდევნო წლის პრიორიტეტებზე მუშაობა, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ხალხის აზრი ყოველთვის საინტერესოა. მოქალაქეებისაგან წინადადებებს რაიონულ გამგეობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალურად მომზადებული აპლიკაციების მეშვეობით მივიღებთ. შემდგომ ეს ყველაფერი დამუშავდება, განიხილება და გადანაწილდება დავალებები სამსახურების მიხედვით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ინოვაციური იდეები წარმოადგინონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის ფორმისა და ონლაინ აპლიკაციების მეშვეობით. რაიონულ გამგეობებში შესულ წინადადებებს მერიის სამოქმედო პრიორიტეტებში შესაძლო ასახვის მიზნით კომისია განიხილავს, რომელიც თბილისის მერიაში შეიქმნება. საუკეთესო პროექტის ავტორს თბილისის მერი შეხვდება.
პროექტისთვის განკუთვნილი კომბინირებული საინფორმაციო სტენდი რაიონული გამგეობების პირველ სართულზე დაიდგმება. სტენდებზე განთავსდება პროექტის შესახებ საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები და აპლიკაციის ფორმები ინოვაციური წინადადებებისათვის.
გამოყოფილ ადგილებში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, წარადგენენ ინოვაციურ წინადადებებს აპლიკაციის ფორმების მეშვეობით. გამგეობებთან შეთანხმებით, კვირაში ორი დღე, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, მოქალაქეებს მოემსახურებიან პროექტის თანამშრომლები.
კვირის სხვა დღეებში მოქალაქეებს შევსებული აპლიკაციის ფორმები შეუძლიათ მოათავსონ გამგეობების მიხედვით პროექტისთვის გამოყოფილ ადგილებზე დადგმულ ყუთებში.
მასალის გამოყენების პირობები






