17 აპრილს ბათუმში ხელოვნების ცენტრში გია სურამელაშვილის სოლო კონცერტია დაგეგემილი. აჭარის განათლების სამინისტროს სიპის სცენაზე, მსგავსი კონცერტის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გამართვას ბათუმელთა ნაწილი გაუმართლებლად მიიჩნევს.
ასეთი პოზიციის მქონე მოქალაქეების ოდენობას ღონისძიებაზე წასვლის მსურველთა რიცხვი გაცილებით აღემატება. სურამელაშვილის შემოქმედების თაყვანსმცემელთათვის დაფინანსების წყარო ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.
4 მილიონი ლარით დაფინანსების მიუხედავად, ხელოვნების ცენტრში გამართული ღონისძიებების შინაარსით არ ინტერესდება აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რამ საბჭოურ პრაქტიკას აგონებს. მისი თქმით, მუსიკალურ ცენტრში გამართული ღონისძიების უმეტესობის შემოსავალი დანახარჯს ფარავს და კომერციულად მომგებიანია.
რამდენად შეესაბამება გია სურამელაშვილის სოლო კონცერტის გამართვა სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ფუნქციონირების იდეას-ამ თემაზე საუბარი დღეს მუსიკალურ ცენტრში არ ისურვეს. პრეს-ცენტრის ცნობით, კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მუსიკოსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
წყარო: ტვ 25
მასალის გამოყენების პირობები