"გარკვეული პაუზა მაქვს აღებული, რა თქმა უნდა, ბავშვის და უფრო მეტად, სწავლის გამო. „სდასუში“ ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე. როცა სწავლას დავამთავრებ, მერე მუსიკალურად უფრო მეტად გავაქტიურდები. თუმცა, ახლახან ჩავწერე ორი სიმღერა. ასევე, ჩემთან, უნივერსიტეტში სოლო კონცერტის ჩატარებას ვაპირებ აპრილში. ჩემთვის სულ ვაკეთებ რაღაცას, ვმღერი, ვვარჯიშობ, რომ ხმა მქონდეს ფორმაში. სხვადასხვა საღამოზეც გამოვდივარ. არის პატარ-პატარა შემოთავაზებები.
ძალიან ვნანობ, რომ ინგლისიდან ჩამოვედი. კოლეჯში ვსწავლობდი ვოკალის განხრით. მაგრამ, დედას დაჟინებული თხოვნით, დავბრუნდი საქართველოში. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ისე მოხდა, რომ ძალიან ადრე იყო. 20 წლის ვარ და იმდენი რამ გავიარე: „ევროვიზია“, ცნობადობა, გათხოვება, შვილი და კიდევ ბევრი... ოჯახის შექმნა პატარა ასაკში რაღაც ეტაპზე შეიძლება, კარგი იყოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, არ აღმოჩნდა კარგი: 20 წლის ვარ და უკვე გაშორებაც მოვასწარი. ჩვენი ოჯახი დაინგრა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამას ძალიან განვიცდი, დეპრესიაში ვარ. პირიქით, როდესაც უნივერსიტეტში მივდივარ, ვიღიმი, ხალხს ვეკონტაქტები. უკვირთ: როგორი ბედნიერი ხარო. დეპრესიული მომენტი ზუსტად ხუთი დღე მქონდა: ვიწექი საწოლში, არ ვდგებოდი, გარეთ არ გამოვდიოდი.
ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია მან მიიღო და ასე დამთავრდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარები ვიყავით, ორივეს მხრიდან ოჯახი გვიმაგრებდა ზურგს. ხელს გვიწყობდნენ და ამიტომ, არ ყოფილა პატარა ბავშვების ოჯახი. თუმცა, მე უფრო დიდივით ვაზროვნებდი, ვიდრე ის. მისთვის ოჯახის დანგრევა – „ვაიმე დედა,“ არ ყოფილა. გამოჩნდა ვიღაც სხვა და შეუყვარდა. სხვათა შორის, ცნობილი ოჯახის შვილია, მთელი საქართველო იცნობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, ვინ არის. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში, დაახლოებით ნახევარი წელი ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. იცოდა ყველამ, ჩემ გარდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გიორგი ამას აკეთებდა. თან, არც ჩემი დათმობა უნდოდა და არც მისი – მოსწონდა ეს გაორებული ცხოვრება. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მერე ვუთხარი კიდეც: თეატრალურმა სამყარომ შენი სახით დიდი მსახიობი დაკარგა-მეთქი.
ყველაფერი ძალიან კურიოზულად გავიგე : ტელეფონზე დავურეკე, ჯიბეში ედო და ეტყობა, სენსორზე დაეჭირა ხელი. მისი ჯინსის ჯიბიდან გავიგე ყველაფერი – სად იყვნენ, ანუ ბინა ჰქონდათ ნაქირავები, როგორც მერე გავიგე; ასევე, რას გეგმავდნენ, ის გოგო უკრძალავდა ჩემთან და ბავშვთან შეხვედრას.
როცა მოვიდა და ყველაფერი მოვუყევი, გაგიჟდა. მარტო იყვნენ და ვერავინ მეტყოდა ამას. ზოგადად, ადამიანი რომ რაღაცას მაწყენინებს, გულს მატკენს, მისი თანდასწრებით არ ვიმჩნევ ამას. მერე, რომ წავა, შეიძლება, ვიტირო, ცუდად ვიყო. ამ შემთხვევაშიც, ასე მშვიდად, წყნარად ჩავულაგე ჩემოდანი და წავიდა.
თავიდან, საერთოდ არ მინდოდა, მენახა. თუმცა, ბავშვის ნახვას ნამდვილად არ დავუშლიდი. ამიტომ, ვეუბნებოდი: საერთო მეგობრების დახმარებით წაეყვანა ანდრია, სადაც უნდოდა, ოღონდ ჩემთან არ მოსულიყო. ბოლო პერიოდში უფრო ცივილურები გავხდით. ვმეგობრობთ და ეს იმის შედეგია, რომ მე ქრისტიანულად ბევრი რამ მივუტევე, ესეც ანდრიას გამო – მამის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ამიტომაც ვმეგობრობთ და როცა ანდრიას მასთან უნდა, ვურეკავ, ელაპარაკება. ახლა შერიგება უნდა, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. ბევრი რამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ, ადამიანი თუ ისე მოიქცევა, რომ გული გამებზარება, ძველებურად ვეღარ შევხედავ.
გიორგი კეთილი, კარგი ადამიანია, უყვარს სხვების დახმარება, მაგრამ პირად ცხოვრებაში არაკომფორტულია. ჯერ ბავშვური, ჩამოუყალიბებელი პიროვნებაა. მე, ალბათ, ბავშვიც რომ მყავს, მეტი პასუხისმგებლობა რომ მაქვს, სხვანაირი ვარ. ზოგჯერ ისეთ რამეზე ვიტყვი, დედაჩემსაც უკვირს – უფრო ადრე გავიზარდე, ჩამოვყალიბდი. გიორგი კი ქარაფშუტაა, ცხოვრებით ტკბობა უყვარს. ყველაზე მეტად იმაზე ვინერვიულე, რომ რამდენიმე თვე, თურმე, დიდ ტყუილში ვცხოვრობდი. ვურეკავდი, მეუბნებოდა: ბიჭებთან ვარ და ამ დროს იმასთან ერთად იყო... ზოგჯერ მთელი ღამე არ მოდიოდა, მე საათთან ვიჯექი და ველოდებოდი. თან, ყველამ იცოდა და მატყუებდნენ, მიმალავდნენ – ეს იყო ყველაზე რთული. მაგრამ, ახლა ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ბევრი რამის გადაწყვეტა შემიძლია დამოუკიდებლად. ძლიერი ვარ, თან, ანდრია მყავს, რომელიც უკვე მღერის. ნიჭიერი ბავშვია, შეკვეთებს მაძლევს: ახლა ეს მიმღერეო. არადა, ჯერ ორი წლის და ორი თვის არის.
ცხოვრებაში არანაირი კომპლექსი რომ არ მქონია, ახლა მაქვს ერთი ძალიან დიდი კომპლექსი: 20 წლის გოგოს, განათხოვარი რომ მქვია. ვიღაცას მხრიდან პატარა ფლირტიც რომ ყოფილა, მგონია, სხვანაირად მიყურებს – რადგან განათხოვარი ვარ, სერიოზულად არ შემომხედავს-მეთქი."
წყარო "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






