დახვეწილი და ელეგანტური, არისტოკრატული მანერებით, - ასე ახასიათებენ თაკო ჩხეიძეს და სილამაზესთან ერთად ამ თვისებებსაც უსვამენ ხაზს. მან ეს შეფასებები წლების წინ პოდიუმზე გამოჩენისთანავე დაიმსახურა. მერე ამ ყოველივეს წარმატებული ქალის იმიჯიც შეემატა.
თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი უკვე რამდენიმე წელია დიზაინერებთან ერთად ქართული მოდის სამყაროში სიახლეეების დამკვიდრებისთვის იბრძვის. მოდის კვირეულს რამდენიმე ხნის წინ უკვე საკმაოდ პოპულარული ჟურნალი „ნარგიზიც“ დაემატა. ამ ყოველივესთან გამკლავება სამი შვილის დედას არ უჭირს. პირიქით, სიამოვნებით ვაკეთებ ჩემს საქმესო ამბობს და წარმატებაზე, ბედნიერებასა და სიყვარულზე „ნიუპოსტთან“ გულახდილად საუბრობს.
„ქალი რომ ბედნიერი იყოს საყვარელ საქმესთან ერთად უნდა ჰყავდეს შვილები და აუცილებლად კარგი ქმარი“ აცხადებს Tbilisi Fashion Week - ის დამფუძნებელი.
თაკო ჩხეიძე: მართალი რომ გითხრათ, ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა წარმატებული გავმხდარიყავი. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ჩავერთე საქმეში, ერთს მეორე მოჰყვა, მერე გადავედი მესამეზე... არ დაგიმალავთ ძალიან რთულია, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არის, მაგრამ მადლობა ყველას, რომ მოვედით აქამდე. ძალიან მტკივა გული ამ სფეროზე და ძალიან ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ, რამდენად წარმატებულები ხდებიან თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ ქართველი დიზაინერები.

თუ გინდა წარმატებული იყო პირველ რიგში უნდა აკეთებდე იმას, რაც გიყვარს, როდესაც ადამიანი ამით ხარ განებივრებული და იძულებით არ აკეთებ იმ საქმეს, რომელშიც ხარ, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. მე ყოველი დღე მიხარია და ყოველი დღე სიახლეა ჩემთვის ამ სფეროში. შენი საქმის სიყვარულის გარდა პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს დიდი, ასევე უნდა იყო შრომისმოყვარე, ამის გარეშე წარმოუდგენლია, ერთ საიდუმლოს გაგანდობთ - ამ ყოველივესთვის აუცილებელია გქონდეს მოთმინების უნარი.
-პოპულარობა თუ დაგეხმარა წარმატებული გამხდარიყავი ბიზნესის კუთხით?
-თავიდან დამეხმარა, ბუნებრივია, რომ ამავე სფეროში სხვა სეგმენტში გადავსულიყავი, თუმცა მერე უკვე მარტო ეგ აღარ არის საკმარისი, ბევრი პოპულარული ადამიანი ვიცი, თუმცა... მთავარია შეინარჩუნო და უფრო და უფრო განვითრდე. მე ვცდილობ, უფრო მეტად ვიმუშავო ჩემს თავზე და არ ვარ ხოლმე კმაყოფილი ჩემი საქმიანობით, სულ ვფიქრობ, რომ შემდეგში ბევრად უკეთესი უნდა იყოს, ეს ძალიან მეხმარება წინსვლაში. თვითკრიტიკა აუცილებელია.
როდესაც თბილისის მოდის კვირეული მთავრდება, ორგანიზატორები ვიკრიბებით და მინუსებიდან ვიწყებთ ლაპარაკს და არა ხოტბის შესხმას, ვაანალიზებთ თუ რა უნდა გამოვასწოროთ შემდეგში. თუმცა, მაგრები ნამდვილად ვართ, ამასაც ვიტყვი, რადგან ძალიან დიდი დაბრკოლებისა და პრობლემების მიუხედავად მოვედით აქამდე, ჩვენი ყველაფერს ვაკეთებთ ამ სფეროს განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ქართულმა მოდამ გარკვეულწილად თავისი სახელი დაიმკვიდრა.
-რამდენად დაგეხმარა მეუღლე იმაში რომ შენი საქმე წარმატებული ყოფილიყო?
-ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მისგან. ეს წარმატების კიდევ ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუ ოჯახიდან არ გაქვს მხარდაჭერა ძალიან რთული იქნება ყველაფერი. ქალი რომ ბედნიერი იყოს საყვარელ საქმესთან ერთად უნდა ჰყავდეს შვილები და აუცილებლად კარგი ქმარი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ. 17 წელი გახდება მაისში. ამ წლების მიუხედავად ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. არვიცი ეს როგორ ხდება, რეცეპტი ნამდვილად არა მაქვს. ერთადერთი ვიცი, რომ მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან პატივს ვცემთ ერთმანეთის საქმიანობას. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს და ეს გვავსებს, თუნდაც ის, რომ პატარა შვილები გვყავს. ჩემი ქმრის რჩევებსაც ყოველთვის ვითვალისწინებ , ძალიან ჭკვიანია და ძალიან პრაგმატულა. ყოფილა შემთხვევა ვერ მიმიღია გადაწყვეტილება და ძალიან დამხმარებია.
-რას იტყვით „ნარგიზზე", რამდენად რთული იყო შეჭიდებოდი განსხვავებულ სფეროს?
-ჟურნალი ჩემი ახალი შვილია, მეოთხე გოგო გამიჩნდა. (იცინის) ვხუმრობ, აი, ხომ მინდოდა გოგო-მეთქი. „ნარგიზი“ არის მოდაზე, არტსა და ხელოვნებაზე, ძალიან კარგი გუნდი მუშაობს ამ ჟურნალში. ეს არის მაღალპოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი ჟურნალი. ძალიან ბევრი ექსკლუზიური მასალა გვაქვს, საინტერესო ინტერვიუები ცნობილ ხალხთან, მთავარია, რომ მხარს ვუჭერთ ქართულ მოდას და დეტალურად ვაშუქებთ ისეთ რაღაცებს, რაც გვერდიდან არ ჩანს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მიხარია, რომ კარგ გუნდთან ვმუშაობ და ძალიან საინტერესო ხალხთან მაქვს შეხება. ჟურნალმა გაიარა აკრედიტაცია პარიზის მოდის კვირეულზე, სადაც ჩვენ ვიყავით და დეტალურად ვაშუქებთ ყველაფერს, შემდეგ ნომერშიც ბევრ ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
-რა თანხას იხდიან დიზაინერები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას Tbilisi Fashion Week -ში ?
-საწევრო არის სიმბოლური ძალიან 1300 ლარი, დამოუკიდებლად რომ თითო ჩვენება მოაწყოს დიზაინერმა მინიმუმ 10 000 ლარი მაინც სჭირდება, ჩვენ კი ამ სიმბოლურ თანხად ვუკეთებთ ყველაფერს.
-ვთქვათ არის ნიჭიერი დიზაინერი და არა აქვს საშუალება რომ გადაიხადოს ეს თანხა, მაშინ რა ხდება, უარს ეუბნებით ?
-ჩვენ ნიჭიერი დიზაინერების გვერდში ყოველთვის ვდგავართ და ყოველთვის ასე იქნება. მინდა უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანა და მსგავსი პროექტები აუცილებლად ჩატარდეს, არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოდის, ხელოვნების, მუსიკის... მთავარია წარმნოჩინდეს ნიჭი, რადგან ამას ძალიან დიდი პოპულარობა მოაქვს ქვეყნისთვის, პარიზში ძალიან ბევრი ნაცნობი ვნახე, რომლებიც ადრე აქ მოდის კვირეულზე ჩამოდიოდნენ. ვიღებდით ბევრ კომპლიმენტს და ვისმენდით სიტყვებს - თბილისში წადით იქ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები დაგხვდებათ. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
-ყოველ წელს გამოდიხარ ხოლმე პოდიუმზე, გიორგი შაღაშვილის სამოსით, წელსაც გიხილავთ?
-არა, წელს ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა, ამიტომ ვერ ვახერხებ.
-როგორ ახერხებს სამი შვილის დედა იყოს ყოველთვის მომხიბვლელი და რა წვლილი აქვს ამაში პლასტიკურ ქირურგიას?
-ორმოც წლამდე ვფიქრობ არ მჭირდება. გეტყვით როგორ ვახერხებ - ვვარჯიშობ, სახის კანს ვუვლი და შეძლებისდაგვარად მასაჟს ვიკეთებ.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






