სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურმა გიორგი მელიქიძემ დღეს პირველკლასელის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამის შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სიტუაცია შემდეგში მდგომარეობდა, ბავშვს საწუწნი კანფეტი სასულეში გადასცდა, რომ არა მანდატურის გამბედაობა და პროფესიონალიზმი, ბავშვს სუნთქვა შეუჩერდებოდა.
გიორგი მელიქიძე: სკოლის პირველ სართულზე ვმოძრაობდი, რა დროსაც ერთ-ერთი კლასიდან ყვირილის ხმა მომესმა, სასწრაფოდ იქით გავიქეცი, კლასში შევვარდი და დავინახე გალურჯებული ბავშვი. სიტუაცია მყისიერად შევაფასე და შევუდექი საქმეს. მესამე მცდელობაზე ბავშვს პირვანდელი სახის ფერი დაუბრუნდა და კანფეთი ღრუდან ამოუვარდა. ბავშვმა ამოისუნთქა და უკეთ იგრძნო თავი. დავრწმუნდი, რომ ბავშვი კარგად იყო და დავმშვიდდი.
მანდატურის სამსახურის მანდატურებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების მოსამზადებელი კურსები, ეს ეხმარებათ მათ კრიზისულ სიტუაციებში დაიცვან ბავშვთა უსაფრთხოება. მადლობას ვუცხადებთ გიორგის სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






