თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი გურგენიძეს მოუსმინეს. მოსმენას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი ალექსანდრე ჯაფარიძე ესწრებოდა.
პრეზენტაციაზე გიორგი გურგენიძემ სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმის შედგენაზე, არსებული ავტოპარკის ახლით ჩანაცვლებასა და პარკინგის მოწყობის საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი გურგენიძის განცხადებით, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შემუშავდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმა, შემდეგი ეტაპი კი მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიაზე გადასვლა იქნება. რაც შეეხება პარკინგის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გურგენიძის განცხადებით, მზადდება ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე ტიპის და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოსადგომების მოწყობას ითვალისწინებს.
ავტობუსების პარკის განახლებასთან დაკავშირებით გიორგი გურგენიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფა, რომლის მიხედვითაც, არსებული ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ავტობუსებით ჩანაცვლდება.
გიორგი გურგენიძე გამოვიდა ინიციატივით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და საკრებულოს შორის ჩამოყალიბდეს საკომუნიკაციო ჯგუფი, სადაც ერთობლივ იდეებსა და პროექტებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






