საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დინამო არენაზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ცხადაძის თქმით, მალტასთან მოგებული მატჩის შემდეგ გერმანიასთან მატჩში გუნდში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა როგორც თავად აღნიშნა შემადგენლობაში გადაადგილება იქნება.
''რთული მატჩი გველის, მაგრამ მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ვეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. შესაძლოა თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკა შევცვალოთ, თუმცა უკვე ვიცი რა ტაქტიკით და შემადგენლობით ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩში. ცვლილებები იქნება, თუმცა არა ბევრი. მსოფლიო ჩემპიონების მიმართ სიმპათიები კარგია, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ნაკრებს უნდა დავუდგეთ გვერდში'',- აღნიშნა ცხადაძემ.
კახა ცხადაძესთან ერთად პრესკონფერენციაზე ნაკრების შანსები შეაფასა გუნდის კაპიტანმაც.
''მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებით და ადვილი მატჩი ნამდვილად არ იქნება. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში კომპაქტურად ვითამაშოთ და დიდი სივრცეები არ დავტოვოთ. მატჩის მიმდინარეობისას ბევრი შანსი შეიძლება არ მოგვეცეს, მაგრამ რაც გვექნება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ'',- განაცხადა ჯაბა კანკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






