თბილისის მერია ხოველთამონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ძაღლებვის დახოცვის ფაქტს უარყოფს.
ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც, როგორც ჩანს, სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა.
დღეს მოქალაქე ირაკლი კუტალიამ ნუცუბიძის ქუჩაზე გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფი. შეტყობინება ეხებოდა 6 უპატრონო ძაღლს. ადგილზე მისვლის შემდეგ ჯგუფმა, იმის გამო, რომ ძაღლები იყვნენ აგრესიულები, ისინი დააძინა და თავშესაფარში გადაიყვანა.
ამ დროისთვის ძალღები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს.
თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავენ მედია საშუალებებს, კერძო პირების მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, ცხოველთადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნუცუბიძის ქუჩიდან აყვანილი ძაღლების თავშესაფარში მონახულება", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






