სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის უფრო მეტად გაუფასურებას არ ელის. ამასთან დაკავშირებით ქადაგიძემ განცხადება ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ქადაგიძის თქმით, ლარის კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი დააზარალა, ისინი, ვისაც სესხები დოლარში აქვთ. ქადაგიძის განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებს პრაქტიკულად პირდაპირ პროპორციულად სესხის ტვირთი გაუძვირდათ.
მისივე მტკიცებით, დღევანდელი მდგომარეობით ლარმა თითქმის 30 პროცენტიან გაუფასურების მიაღწია, რომელიც ქადაგიძის განმარტებით, უკვე მოქმედებას იწყებს და საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს.
„არ ვფიქრობთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს. ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომლის შედეგები განეიტრალება და შემსუბუქება იქნება იმ ტვირთის, რომელიც მოსახლეობის იმ ნაწილმა მიიღო, რომელზეც გვქონდა საუბარი,“ - განმარტა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ზოგადად თებერვალი და მარტი საქართველოს ეკონომიკური ციკლებიდან გამომდინარე, ყოველთვის რთული პერიოდია. ქადაგიძის თქმით, ტურისტულ სეზონზე, რა თქმა უნდა, სავალუტო შემოდინებები გაიზრდება, თუმცა ამავე დროს ფუნდამენტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






