10 წლის ლანჩხუთელმა ლუკა მოისწრაფიშვილმა „ნიუპოსტის“ გურიის რეგიონალურ ჟრნალისტს ემოციური წერილი გადასცა. ბიჭი მისი მისი ძმისთვის დახმარების გაწევას ითხოვს.
როგორც ლუკას წერილიდან ირკვევა, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
„გამარჯობათ, მე ვარ ლუკა მოისწრაფიშვილი 10 წლის. ვცხოვრობ ლანჩხუთში, ყოფილი მეურნეობის ბინებში, ერთ ოთახიან ბინაში. ჩემთან ერთად ცხოვრობენ მამაჩემი, დედაჩემი და ჩემი 7 წლის ძმა ბესო. ძალიან გვიჭირს. ოთახში, სადაც ვართ სულ ცივა, რადგან ფანჯარა არ ვარგა და სიცივე შემოდის. დედაჩემი და მამაჩემი სულ მუშაობენ, რომ საჭმელი გვქონდეს. მე კი სკოლიდან მოსვლის შემდეგ ჩემს პატარა ძამიკოს ვუვლი. ბესო ცერემბლური დამბლით არის დაავადებული და ვერ დადის. არადა, სკოლაში უნდა სიარული, ჩემსავით წიგნების კითხვა, წერის სწავლა, ციფრების ცოდნა. ერთად კარგად ვერთობით, მაგრამ გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ ვერ ვშველი. დილით, როცა დედა სკოლაში გამიშვებს, ის თვალცრემლანი მიყურებს. არაფერი მინდა, სიცივესაც მოვითმენ, იმასაც, რომ ხშირად სკოლაში მშიერიც წავსულვარ, მაგრამ ჩემი ძამიკო მინდა კარგად მყავდეს. სულ ღიმილი ჰქონდეს სახეზე და დედას არ ეუბნებოდეს: დედიკო, რომ დამპირდი გაიარო, როდის გავივლიო! სკოლაში განა არ დადიოდა, მაგრამ ეტლი აღარ გვივარგა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს. ხელში აყვანილი კი სკოლის სიშორის გამო ვეღარ დაგვყავს. რაზე ოცნებობს?! იმას, რომ ოდესმე ფეხზე დადგება. როგორც დედა მუებნება, ამის შანსი არის, მაგრამ საშუალება არა. ეგებ, ჩემ წერილს გამოეხმაუროს ვინმე და ჩემი ძამიკო ფეხზე დამიყენოს. ჩემთვის არაფერი მინდა, არც სათამაშო, არც ის, რომ ფერადი ტელევიზორი მქონდეს ან სათამაშო კომპიუტერი, მთავარია, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი მყავდეს კარგად. ერთად ვითამაშოთ და ამაში თუ ვინმე დაგვეხმარება მისი მადლიერი ვიყოთ," - წერს ლუკა "ნიუპოსტისთვის" მირერილ წერილში და დახმარების მსურველის მოლოდინში დედის საკონტაქტო ნომერსაც უთითებს:
"დედაჩემის ტელეფონის ნომერია: 591 29 82 84"
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






