ეკა ხოფერია: „მთავარია არ იყო ზარმაცი, ისწავლო, მიიღო კარგი განათლება, ყველაფერში ვერ იქნები ძალიან მაგარი, შეიძლება რაღაცაში ვიღაცა გჯობდეს ერუდიციითა და ინფორმირებულობით, მაგრამ შენი შრომისმოყვარეობით უფრო მეტი შეძლო. მუდმივად მზად უნდა იყო, რომ ამას ისწავლი.
მნიშვნელოვანია, ფიზიკურ ფორმასაც მიხედო, ჯანმრთელი იყო და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრო.
წარმატებას მიაღწიო ნიშნავს, რომ შენი კარიერის 5–6 წელი და ხანდახან მეტიც 24 საათით შენს საქმეს დაუთმო, სხვაგვარად არ გამოვა.
ხშირად მოსულან ჩემთან ნიჭიერი ბავშვები და უთქვამთ, აი აქედან აქამდე და ამდენს ვიმუშავებთო. მითქვამს, რომ ეს საკმარისი არ არის. იწყებ მცირედით, მერე კი შრომობ, შრომობ და ბედიც გწყალობს. მე ფორტუნას ვეძახი ამას რაც უფრო ბევრი მიშრომია და რაც უფრო ბევრი ღამე გამითენებია უცებ ისეთი სტუმარი ჩამიწერია, რომ არც მიფიქრია. ხოლო თუ გეზარება მუშაობა, მიხვედი სამსახურში და წამოხვედი უკან, არ გამოვა. ჭკუის სწავლებასავით გამომდის, მაგრამ ჩემს თავსაც ვეუბნები ამას, როცა ამბობენ – ვაიმე დავიღალეო, არ არის სწორი. დაიღალე? - წადი სახლში! წარმატება არის შრომა, სახლშიც როცა ხარ, ასეა. ოჯახში ბევრ შრომას დებ, შვილების აღზრდაში, ურთიერთობაში და ეს გიბრუნდება, რამდენ მეტს ჩადებ უფრო მეტი გიბრუნდება.
სითის“ წარმატებას მარტო კარგი სტატიის დაწერა და კარგი ყდის გადაღება არ შველის, იქ მენეჯმენტიც არის, ამ კუთხით ეს ჩემთვის სიახლეა, რადგან მანამდე ბიზნესის კუთხით მედია არ მიკეთებია, და რა თქმა უნდა მეამაყება. რაც შეეხება გადაცემას, ტელევიზია ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ჟურნალისტიკას ვიწყებდი ასე დავიწყე ორი წლის წინ ეს სფერო, რომელშიც ახლა ვარ. სულ სხვა ტიპის თემებით...
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში შოუბიზნესი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, არ გვაქვს პრემიერები, ვარსკვლავებს რასაც ვეძახით თითზე ჩამოსათვლელია და არ ხდება ისეთი რაღაცები, რაც საზღვარგარეთ, რთულია ამ ტიპის გადაცემები ამ მცირე ბაზარზე აკეთო.
გადაცემა არის სახალხო, სითი უფრო გლამური, უფრო ქალებისთვის. ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში ზუსტად უნდა იცოდე რა აინტერესებთ. ასევე მთავარია კარგი ინტუიცია და გვერდით ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები და ერთგულები არიან იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ. ეს შენი გუნდია, რომელსაც შენი ესმის, არ ეშინია შენთვის სიტყვის შემობრუნების და თქმის რომ ეს არა, და მოდი ეს ასე გავაკეთოთ.
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






