საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ანაზღაურებამ 8,5%-ით მოიმატა და 950,1 ლარი შეადგინა.
დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ფორმირებაზე, როგორც წესი, გავლენას ახდენს ტოპ- მენეჯერების და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურება. ერთ წელიწადში სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა ანაზღაურება 14,2%-ით გაიზარდა და 1361 ლარს გაუტოლდა.
მშენებლობაზე დასაქმებულების საშუალო ხელფასმა კი 14,8%-ით იმატა. ბოლო ერთ წელში ანაზღაურება, პრაქტიკულად, ყველა სექტორში გაიზარდა, გარდა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერისა.
რაც შეეხება ხელფასების რეიტინგს სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია 1447 ლარით, მეორე ადგილზე სახელმწიფო მმართველობაა 1361 ლარით, მესამე პოზიციას კი 1341 ლარით მშენებლობის დარგი და იქ დასაქმებულები იკავებენ. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება, განაწილება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
წყარო ეკონომეტრი
მასალის გამოყენების პირობები






