სასტუმრო „რედისონში“ კომპანიის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურმა საზოგადოებას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ წარუდგინა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და მედიას ჩასატარებელი აუდიტის გეგმა საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა, პროფესორმა - გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ გააცნეს.
აღნიშნული აუდიტორები იმ 18-კაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც 6-თვიანი პროექტის მსვლელობისას უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელ შეფასებას შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში.
მომდევნო თვეებში, სამუშაო ჯგუფს ასევე ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, მსოფლიო ბანკის ექსპერტი გარემოსდაცვითი აუდიტორი შვედი კარლ ლუნგენი შეუერთდება.
როგორც „არემჯის“ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი აცხადებს, კომპანია „არემჯის“ მიზანია, გარემოსდაცვითი აუდიტი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული, როგორც მისი მიმდინარეობის, ასევე საბოლოო შედეგების შესახებ.
„ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ორგანიზაცია. ეს არის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ კომისია“. ძალიან მნიშვნელოვაბნია, რომ გარემოსდაცვით აუდიტში ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩართული იქნებიან უცხოელი ექსპერტებიც. დღეს აუდიტორებმა წარმოგვიდგინეს სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება 6 თვიანი პროექტი“, - განაცხადა მიხეილ კვარაცხელიამ.
გარემოსდაცვითი აუდიტის ექსპერტთა ჯგუფში წარმოდგენილი არიან გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები, წყლის ექსპერტები და სხვა. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები, შეიმუშავებენ და დაგეგმავან შესაბამის რეკომენდაციებსა და შემარბილებელ ღონისძიებებს.
მასალის გამოყენების პირობები






