
"არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე იცოდეს და თავს იკავებდეს იმის გამო, რომ პოლიციასთან ურთიერთობა არ სურთ. წარმოუდგენელია დღისით, მზისით, პურზე წასული ბავშვი ვინმეს არ დაენახა და, მითუმეტეს, თუ საეჭვო პირებთან ერთად იყო, აუცილებლად შეამჩნევდნენ. გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეს იძიებს, ამბობს რომ კარდაკარ დადის და ხელჩასაჭიდი ჯერ ვერაფერი ნახა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ჭალაში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.
14 წლის თორნიკე გახელაძე 14 მარტს გაუჩინარდა, ზუსტად იმავე დღეს, როცა ამავე სოფელში ამერიკაში დაღუპული კურსანტი ბესო გორჯოლაძე დაკრძალეს.
ბიჭის მეზობლების განცხადებით, სახლში მოზარდის არყოფნა დედას თავიდან არ გაკვირვებია, რადგანაც თორნიკე მეგობრებს სასოფლო-სამეურნეო საქმეში ხშირად ეხმარებოდა. მათი თქმით როდესაც მოსაღამოვდა და ბიჭი კვლავ არ გამოჩნდა, დედამ იმ მეგობარს მიაკითხა, რომელთანაც ეგულებოდა. თუმცა თორნიკე იქ არ აღმოჩნდა. როდესაც ბიჭი ვერც სხვა თანაკლეასელების სახლში იპოვეს სოფელი შეიყარა. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ , ბოლოს ის ე.წ მუხიანი ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სოფელში მოზარდის თვითმკვლელობის მოტივი არ იციან. თანასოფლელების თქმით გარდაცვლილი ჭკვიანი, წყნარი და შრომისმოყვარე ბავშვი იყო. არც თანაკლასელებთან და არც ოჯახში სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონია. ბავშვს მამა 9 წლის წინ გარდაეცვალა.მათი თქმით ბავშვი უფროს და-ძმასთან ერთად მოსიყვარულე გარემოში გაიზარდა.
ბავშვი ბოლოს, შუადღის საათებში სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველმა ნახა. მოზარდმა მაღაზიაში 4 პური იყიდა და მას შემდეგ არავის აღარ უნახავს. სოფლის რწმუნებულის თქმით, სოფელში ჭორის დონეზე ჰყვებიან , რომ ბავშვი 2 უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ქუჩაში მიმავალი დაუნახავთ. ასევე მისი თქმით, ბავშვი რომელ თოკზეც იყო ჩამოკიდებული, ზუსტად მსგავსი კანაფის თოკი დედას სახლში სარეცხისთვის ჰქონდა გაბმული.
ბავშვის თვითმკვლელობის არ სჯერა სოფელ ქვემოჭალის სკოლის დირექტორს, ის ბავშვს უკონფლიქტო და წყნარ პიროვნებად ახასიათებს. დირექტორი ამბობს, რომ ამ ოჯახიდან ზედმეტი ყვირილი ან ხმაური არავის გაუგია. შესაბამისად, მიიჩნევს , რომ ბავშვს თავის მოკვლის არანაირი მიზეზი არ ქონია.
„თანაკლასელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თავს მარტოდ არ გრძნობდა. მეგობრების გარეშე არსად არ დადიოდა. მას და მის თანაკლასელებს სოფლის მეურნეობის საქმეები გადანაწილებული ქონდათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მეგობრები პატივს სცემდნენ და ძალიან უყვარდათ. მე თვითმკვლელობას ყველა შემთხვევაში გამოვრიცხავ“- აცხადებს სკოლის დირექტორი. მისი თქმით ბავშვს ვიზუალური დათვალიერებისას ძალადობის არანაირი კვალი არ ეტყობოდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბავშვის მიერ ნაყიდი პური ვერ იპოვეს , თუმცა ხის ქვეშ ლუდის ცარიელი ბოთლები ნახეს. სკოლის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ ე.წ მუხიანის ტყე, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, სოფლისგან საკმაოდ შორს არის . მას ეჭვი უჩნდება, რატომ წავიდა მოზარდი ამხელა გზაზე თავის მოსაკლავად.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






