,,სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავარ, დილემის წინაშე. პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენს მოვაწერე ხელი. ჩემი 4 შვილით ქუჩაში ვრჩები. სიღარიბს ზღვარს მიღმა ვართ და დღეები დამრჩა... 23 მარტს გამოსახლება მაქვს 11:00 საათზე“.
34 წლის სოფიო სულხანიშვილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, კერძო დასახლებაში, სადმელის ქუჩა #17-ში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურესად გაჭირვებაში ცხოვრობს. არც შუქი, არს საჭმელი... ქალბატონი ყოველწუთს ელოდება, როდის გამოასახლებენ. უფროსი 5 წლის ჰყავს, მომდევნო 4 -ის, მესამე ორწლინახევრის და მეოთხე წლის და 2 თვის - სამი ბიჭი და ერთი გოგონა.
სოფიო სულხანიშვილი იპოთეკით დაზარალებულ მრავალრიცხოვან მოქალაქეთა ნაწილს განეკუთვნება, რომლებიც უშედეგოდ ელიან ხელისუფლებისგან პრობლემის გადაწყვეტას. ქალბატონი ,,ნიუპოსტთან“ თავის მძიმე ისტორიას ჰყვება.
სოფიო ამობს, რომ ყველა ინსტანციას მიმართა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს. ,,როგორც სჩანს დავით უსუფაშვილმა განიხილა ჩემი წერილი, რომელსაც მეზობლები აწერდნენ ხელს და საქმე შემდგომი მსველობისთვის ებანოიძეს გადასცა, რომელიც თუ არ ვცდები, პარლამენტში იპოთეკარების საკითხს კურირებს... ზუსტად არც კი ვიცი... წერილი შემდეგ მერიას გადაუგზავნეს“ - აცხადებს სოფიო, თუმცა მერიიდან შემდეგი პასუხი მიიღო: ,,საქმე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება“.
,,მე არ ვიცი დავით ნარმანიამ წაიკითხა თუ არა საერთოდ ეს წერილი, თუმცა ფაქტია, რომ პასუხი ასეთი გამომიგზავნეს.
სრულ პალეოლითში ვცხოვრობთ, ჩვენთვის 21-ე საუკუნე არის უცხო ხილი - სამოთხე. შუქი ჩვენ არ გვაქვს, არა საჭმელი, შეშას ვინმე თუ მომაწვდის. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ოჯახში ხატების კუთხე და ის იმედია, რომ არიან ადამიანები საქართველოში, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს, რომ ამ ჯოჯოხეთიდან დამიხსნას, რომ ჩემი კერა არ დავკარგო“.
სოფიო სულხანიშვილის ისტორია 2011 წელს დაიწყო. ფეხმძიმედ მყოფს, რომელსაც შვილი ავად ჰყავდა, ეს მძიმე გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, ყოფილმა მეუღლემ მიაღებინა და 40 ათასი დოლარის სანაცვლოდ მისი კუთვნილი ბინა კერძო იპოთეკართან ჩაადებინა.
,,ყველანაირი მიმართვა ვცადე თვითონ იპოთეკართან, რომელიც გადამისამართებას მიკეთებს. მისთვის ჩემი და ჩემი შვილების მდგომარეობა სრულიად არ არის საინტეერსო. ისიც დედაა და მეც და მეუბნება, რომ მე თურმე ვსპეკულირებ ჩემი შვილებით და თითქოს ვიღაცის შვილები მყავდეს მოყვანილი. ჩემს სათქმელს უკან მიბრუნებს. ეს იპოთეკური საკითხები როგორც ხდება და კანონში რომ დაცული არ არის მსესხებელი უფლებები, რომ ამით სარგებლობენ და უდიდეს თაღლითობებს აქვს ადგილი, ყველამ იცის. მკვლელს აქვს, ხალხნო ალიბი და მსესხებელის უფლება არ უნდა იყოს გათვალისწინებული?
ბავშვი მყავდა ავად. თან ვიყავი მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ და მქონდა მძიმე პერიოდი, რაც ხშირად დამახასიათებელია ხოლმე ორსულობისთვის. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ისარგებლა ჩემი მდგომარეობით. ლაქტაციის პერიოდში, ემოციური ფონი გაზრდილი მქონდა, და ასე ყურმოჭრილი მონასავით ვემორჩილებოდი ამ ჩემს ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც 6 წელი ჯოჯოხეთი გამოვიარე. გასაგებია, რომ მე არ ვიყავი ინფორმირებული სათანადოდ და ზოგადად არ ვერკვეოდი იპოთეკური საკითხებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ მე დღეს, ჩემს შვილებთან და ავადმყოფ დედასთან ერთად, რომლებიც ვართ სოციალურად დაუცველები და სტატუსი გვაქვს, რომ ვიმყოფებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ვრჩები ჩემი კუთვნილი სახლ-კარის გარეშე. ამ თაღლითების გამო უნდა დავკარგო სახლი, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
მე მაინტერესებს, ამ ქვეყანაში როდის უნდა დადგეს კანონის უზენაესობა. დღეს უმრავლესობას ჩადებული აქვთ სახლები და გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან. კანონი ხელს აფარებს ამ დანაშაულებრივ სქემას და გეუბნება, რომ რატომ მოაწერე ხელი? ის, რომ ხარ სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ვინ უნდა დაიცვას ჩემი შვილების უფლებები, კაი, მე მოვაწერე ხელი კაბალურ ხელშეკრულებას, ამ ბავშებმა რა ქნან, რომელსაც ლუკმა-პური არ აქვთ. მოწყალებს ვითხოვ იმისათვის, რომ შვილები ვარჩინო. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას და კრედიტორებს აქვთ საერთო ინეტერსები, ხელს აფარებენ და ჩემისთანა გაუბედურებული ოჯახების ბედი არ აინტერესებთ“ - აცხადებს სოფიო სულხანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






