„ეროტიკულ რეჟისორად მასაღებს ტელევიზია, სინამდვილეში კი ჩემი ფილმებიდან ლეგენდების კადრებს იპარავენ, ეროტიკას კი არა“ - ბრაზობს სკანდალურ რეჟისორად მონათლული შოთიკო კალანდაძე და „ნიუპოსტთან“ თავის გულისტკივილს აფიქსირებს. „ეს ლეგენდები ბოლო დროს, მხოლოდ მე გადავიღე“- აცხადებს ის.
შოთიკო კალანდაძე: ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში რამაზ ჩხიკვაძეზე გაკეთდა გადაცემა, რატომღაც ჩემი კადრი შეარჩიეს, თუმცა არანაირი მინიშნება არ არის, რომ კადრი, ჩემი ფილმიდანაა. მე ნანუკასთვის ვიმუშავე?
ან „მარაო“, მარინა კახიანზე ჰქონდათ გადაცემა, იქაც ერთი წუთი მიდის კადრი „მედუზა გორგონადან“ არც იქ აწერია რომ ჩემი კადრია, უფრო მეტიც ჩემი მუსიკა შეცვალეს და სხვა მუსიკა დაადეს. ვინ მისცა მაგათ ამის უფლება? უჩემოდ როგორ გაბედეს?
სოფიკო ჭიაურელზე ტვ 3 - მა გააკეთა გადაცემა და რა თქმა უნდა იქაც ჩემი კადრებით. ისევ ვკითხულობ, როცა ამხელა დაფინანსება აქვთ რა უფლებით უშვებენ ჩემს კადრებს?

მე ჩემი შრომა არ უნდა დამიფასდეს? ვალი მაქვს მემონტაჟეების და შეიძლება ითქვას, რომ გავიყიდე, ეს უფასოდ კი არ კეთდება. მსახიობები მოდიან უფასოდ, თორემ მემონტაჟეებსა და კამერებს დიდ ფულს ვუხდი.
მაესტრომ ედმონდ კალანდაძის კადრები აჩვენა, როცა დავურეკე იცრუა, - არ გამომიყენებიაო. იმედზე კი დოდო ჭიჭინაძეზე იყო გადაცემა და დაიწყეს ჩემი ფილმით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემი ფილმით დაიწყეთ ჩემო კარგებო, მაგრამ იქნებ დაგერეკათ და გეკითხათ, იქნებ გაძლევდით უფასოდ. შეიძლება ასე? „იმედი“ და პატარკაციშვილის ოჯახი ძალინ მიყვარს, უბრალოდ ზოგიერთი პროდიუსერის დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის გამო ხდება ასე.
მხოლოდ პირველი არხი მირეკავს, მეკითხება და უფასოდ ვაძლევ, დიდი მადლობა მათ, რადგან არ არღვევენ ჩემს უფლებებს. ასევე არტარეამაც გამოიჩინა გულისხმიერება, და როცა კახი კავსაძის კადრები გამოიყენეს უნებართვოდ, ჩემს წერილს გამოეხმაურნენ, ბოდიში მომიხადეს და ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ მალე.

ეს ყოველივე ტელევიზიის საშუალებით რამდენიც დავაფიქსირე, ამოჭრეს.
ერთხელაც ავიღებ ვალს და ნამდვილად ვიჩივლებ სასამართლოში. არ შეიძლება ასე ხალხნო. მე ვიწვალე, ვიშრომე, გადავიღე, ისტორია შევქმენი, თქვენ კი კადრებს მპარავთ და ჩემს სახელსაც არ აწერთ.
საჭმელი არ მაქვს ზოგჯერ და მემონტაჟეს ვუხდი ფულს, იცის ეს ვინმემ? ისინი კიდევ ასე დაუკითხავად იყენებენ ჩემს კადრებს ისე ვითომც არაფერი და თან პრეტენზია აქვთ, რომ მაგარ გადაცემას აკეთებენ.
ფოტოები ფილმებიდან






მასალის გამოყენების პირობები






