"მეგობრებო, მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში:
ჩემი ორთვიანი მცდელობა, ჯანდაცვის სამინისტროდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაცია მიმეღო, უშედეგო აღმოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციის საინფორმაციო კამპანია 2015 წლის იანვარში გახსნა და ათასობით მოქალაქემ ფაისბუქზე ატვირთა ფოტოები ხელისგულზე წარწერით “STOP C”, კვლავაც უცნობია სახელმწიფო პროგრამის დეტალები.
დღემდე ჯანდაცვის სამინისტრო უფრო აქტიურობს პრევენციის მიმართულებით: რეგულაციების გამკაცრების მიზანია, ახალი შემთხვევების გაჩენას შეუშალოს ხელი. მიზანი გამართლებულია, თუმცა კონკრეტული ინდიკატორების დასახვა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება აქაც აუცილებელია.
მაგრამ ჩვენი ძირითადი ინტერესი მეორე მხარესაა: რას ელის C ჰეპატიტით უკვე დაავადებულ ადამიანებს. ჯანდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველოში 150-დან 200 ათასამდე დაავადებულია.
ათასობით მოქალაქე ელოდება პასუხს შემდეგ კითხვებზე:
- როდის გამოჩნდება საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები (სოფოსბუვირი, ჰავრონი) საქართველოში და რა ეღირება ისინი?
- სახელმწიფოს როლი მხოლოდ მწარმოებელ კომპანიასთან ამ პრეპარატების საქართველოში გასაყიდ შეღავათან ფასზე მოლაპარაკებაა თუ მედიკამენტს უფასოდ მიიღებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეებიდან ყველა ან გარკვეული კატეგორია?
- თუ მედიკამენტს უფასოდ მიიღებს C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების გარკვეული კატეგორია, მაშინ როგორია შერცევის კრიტერიუმები და ვინ იქნებიან ის პირები, რომლეთაც სახელმწიფო სრულად დაუფარავს მკურნალობის ხარჯს?
- აიღებს თუ არა სახელმწიფო თავის თავზე C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების დიაგნოსტიკას?
- რა თანხა დაიხარჯება C ჰეპატიტის სრული ელიმინაციის პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015 წელს?
2015 წლის 14 იანვარს, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გადაცემა “სხვა შუადღეში” მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ მედიკამენტების მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი თებერვლის ბოლოს მოეწერებოდა. თებერვლის ბოლოს მინისტრმა ახალი ვადა, აპრილის დასაწყისი დაასახელა.
აქვე შეგახსენებთ წინაისტორიას:
2014 წლის 14 ნოემბერს გაიმართა პრემიერ ღარიბაშვილისა და მინისტრ სერგეენკოს ერთობლივი ბრიფინგი, რომელზეც ითქვა, რომ “საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, საერთოდ გაქრება.”
„ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 14 იანვარს.
მე ნამდვილად არ მსურს საკითხის პოლიტიზება და ვიტოვებ იმედს, რომ C ჰეპატიტის სრული ელიმინაციის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ ინიცირებული პროგრამა შედეგის მომტანი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ 2015 წლის 16 იანვარს კამპანიას STOP C მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი და მე შევუერთდით."- წერს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






