საბოლოო გადაწყვეტილებას, ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობებში შესახლებულებთან დაკავშირებით, მერია ამ დღეებში მიიღებს.
ოზუგეთის მერთან დღევანდელი შეხვედრა ხმაურის გამო ჩაიშალა.
ხმაური ხალხმრავალ შეხვედრაზე, მერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მერიის გადაწყვეტილება გაახმაურა, ,,ქალაქ ოზურგეთის ხელისუფლება ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციას იწყებს და რეაბილიტირებული ბინები, უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, წყლითა და გაზით, მხოლოდ ქალაქში მაცხოვრებლებს გადაეცემათ, ანუ მათ, ვინც მერიასთან არსებული კომისიის დასკვნის საფუძველზე საცხოვრებელით დასაკმაყოფილებელთა ჩამონათვალში მოხვდა“ - განაცხადა მერმა.
სიორიძის თქმით ეს სია შენობაზე (ყოფილი სამშობიარო) რომლის რეაბილიტაციასაც გეგმავს მერია, ორშაბათს გამოიკვრება.
ოზურგეთის ყოფილ საავადმყოფოს შენობებში შესახლებულები სწორედ ქალაქელებზე აქცენტირებას აპროტესტებენ, რადგან უმრავლესობა მათგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაა.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გადაწყდა, რომ ამ მოსახლეობას, მომავალი კვირის ოთხშაბათს მერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ერთად შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში უსახლკაროები ჯერ კიდევ 2014 წლის თვთმმართველობის არჩევნებამდე 2 დღის ადრე შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ შენობის დაკავებაზე თანხმობა ყოფილმა გამგებელმა მისცა. მას შემდეგ შენობაში არ მოწესრიგებულა სანიტარული ნორმები და ისინი დღემდე საცხოვრებლისთვის შეუსაბამო პირობებში ცხოვრობენ. ერთადერთი, რაც მიეწოდებათ, ეს არის ელექტროენერგია, ხოლო წყალი და საკანალიზაციო სისტემა ამ დრომდე არ არის მოწესრიგებული, შენობაში ფაქტობრივად არ არსებობს საპირფარეშოები.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






