ფინანსთა სამინისტროს აკადემია ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მიზანია, მაღალი ხარისხის სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამებით საზოგადოების უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსის პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და კომპეტენციების გაძლიერება.
აკადემია წარმატებით ფუნქციონირებს 2011 წლიდან და დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სასწავლო პროგრამა განუხორციელებია. ის ჩართულია იმ რეფორმებისა და ინიციატივების წარმატებით იმპლემენტაციაში, რომლებიც წამოწყებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და საჭიროებს ცოდნის მიწოდებას საფინანსო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. გარდა ამისა, მუდმივად ზრუნავს ფინანსური მიმართულებით განათლებული და გაცნობიერებული საზოგადოების განვითარებაზე, რასაც პროფესიული სასწავლო კურსების, უნარების განმტკიცებაზე მიმართული ტრენინგებისა თუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზების საშუალებით ახორციელებს.
აკადემიის გუნდის თითოეული წევრი უაღრესად მოტივირებულია, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ჩვენი მსმენელების საჭიროებები და სწრაფვა სწავლისკენ. ისინი ყოველთვის მზად არიან, მოუსმინონმათ და თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობითსაუკეთესო სასწავლო კურსები შეურჩიონ.კურსების მაღალი ხარისხისა და მნიშვნელობის გარანტი კი ის მაღალ-კვალიფიციურიტრენერები და შესაბამისი დარგის ექსპერტები არიან, რომლებიც უძღვებიან აკადემიაში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებს და ძალისხმევას არ იშურებენ, თავიანთი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გადასცენ მსმენელებს.

აკადემია ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატისISO 9001:2008-ის მფლობელია, რაც ორგანზიაციის სერვისებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის მუდმივ კონტროლსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს.ჩვენი სასწავლო კურსები შედგენილია თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „დაძმობილების“ პროექტის როლი, რომლის ფარგლებში აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტებმა უაღრესად ღირებული ცოდნა გაგვიზიარეს სასწავლო პროცესების მართვის კუთხით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ტრადიციებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. ასევე, აღსანიშნავია თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო და უცხოურ უწყებებთან. მათთან პარტნიორობით აკადემია გეგმავს, გახდეს რეგიონალური სასწავლო ცენტრი საფინანსო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების სფეროში. ამ ეტაპზე აკადემიაში რეგულარულად ხორციელდება საერთაშორისო სასწავლო კურსები, რომლებსაც უძღვებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის ექსპერტები.
გარდა ტრადიციული კურსებისა, აკადემია მუდმივად ზრუნავს ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებაზე თანამედროვე მეთოდებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. 2015 წლიდან დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები შეძლებენ გაიარონ აკადემიის ელექტრონული კურსები, რომელთა თემატიკა მოიცავს როგორც ფინანსურ საკითხებს, ასევე, პროფესიული უნარების განვითარებას.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია, საუკეთესოდ აღჭურვილი აუდიტორიებითა და სასიამოვნო გარემოთი, მუდამ მზად არის,უმასპინძლოს და სათანადო მომსახურება გაუწიოს დაინტერესებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს. აქ აღმოაჩენთ უამრავ ახალ შესაძლებლობას, რომელსაც შეუძლია თქვენი ინტერესის დაკმაყოფილება, ცოდნის გაღრმავება და იმ უნარების განვითარება, რომლებიც მიმდინარე საქმიანობასა თუ ახალ წამოწყებებში დაგეხმარებათ.
ესტუმრეთ აკადემიას და საშულება მოგვეცით, მოვარგოთ ცოდნა თქვენს საჭიროებებს, - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






