საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს. კერძოდ, 2014 წლის 12 დეკემბრის N 2946 საქართველოს კანონით (ძალაში შესვლის თარიღი - 2014 წლის 25 დეკემბერი) საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
დღეის მდგომარეობით, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით 179 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო და 40 368 811.30 ლარი; „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით 87 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 414 550,00 ლარი; „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით 2624 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 1 874 827,40 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






