მიმდინარე წლის თებერვალში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გამოკვლეულია სხვადასხვა წარმოების ჩამოსასხმელი ღვინის 20 ნიმუში, 14 ნიმუშის კვლევის შედეგები კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
რესტორნებში, მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ობიექტებში აღებული ნიმუშები შემოწმდა აკრედიტებულ ლაბორატორიაში (შპს „ღვინის ლაბორატორია“). ლაბორატორიული კვლევის შედეგად 6 ნიმუშში გამოვლინდა სხვადასხვა მაჩვენებლის დარღვევა, კერძოდ, უშაქრო ექსტრაქტის, ვაშლის, ღვინისა და რძემჟავების ნაკლებობა; აქროლადი მჟავების სიჭარბე; მალვიდინის დიგლუკოზიდის მომატებული რაოდენობა. აღნიშნული დარღვევები ითვალისწინებს ღვინის რეალიზაციის აკრძალვას და პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვას, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
მარტში დაგეგმილია ჩამოსასხმელი ღვინის 60-მდე ნიმუშის აღება. პარალელურად, ჩატარდება ინსპექტირებები ღვინის საწარმოებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები შეისწავლიან საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და მის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს, გაზრდის პროდუქციის ხარისხს და მომხმარებელს დაიცავს საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისაგან, ექსპორტის შემთხვევაში კი, ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო ბაზარზე.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






