გრიფიტსმა ბრალდებებს ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კრიზისის დროს კარგად იმუშავა და მას მცოცავი კურსი უნდა შეენარჩუნებინა. გრიფიტსის განმარტებით, საფალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარეს ეროვნული ბანკის პოლიტიკას. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მისია ფასების სტაბილურობაა, ხოლო ხელისუფლებასა და ბანკს შორის დაპირისპირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ხელს არ უწყობს. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა დაცვას და პატივისცემას საჭიროებს, რათა მან თავისუფლად განახორციელოს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სექტორის სიჯანსაღე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გრძელვადიან, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას. გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის კლებას", - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
მარკ გრიფითსის განცხადებით, სავალუტო ფონდი ელოდება იმ გეგმების ხილვას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ბიზნესის თავისულად განხორციელება, ხელსაყრელი გარემო შექმნას ინვესტორებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რაც მომავალში ეკონომიკურ ზრდის სტიმულირებისთვის იქნება ხელშემწყობი. გრიფიტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს უცხოურ ბიზნესზე ბოლოდროინდელი შეზღუდვების შერბილება, კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დანაზოგების ხელშეწყობა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირების გზით, საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესება.
"სულმოუთმენლად ველით მთავრობის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის გაცნობას ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად, რაც ბიუჯეტის დეფიციტს შეზღუდავს. ასევე ველით, რომ ხელისუფლება გააგრძელებს მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის განუხრელ დაცვას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ნაბიჯები ოპერატიულად გადაიდგმება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მალე შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად", - განაცხადა მარკ გრიფითსმა.
მასალის გამოყენების პირობები






