სავალუტო ფონდის მისიის ხელმზღვანელის მარკ გრიფიტსის თქმით, საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია.
ამის შესახებ გრიფიტსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ერთ-ერთი ფაქტორად რუსეთ-უკრაინის კრიზისს და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის გაუფასურებას ასახელებს.
როგორც გრიფიტსი განმარტავს, ამის გამო საქართველოს ექსპორტი წინა წლებთან შედარებით 30%-ით, ხოლო უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 25%-ით შემცირდა.
„მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. მათი ვალუტის დევალვაცია კი საქართველოს კონკურენტუნარიანობას აზიანებს. შემცირებულია შემოსავალი ტურიზმიდან, რის გამოც გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი“, - ამბობს გრიფიტსი.
მისი თქმით, უცხოური ვალუტით შემოსავლების შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 20%-ზე მეტით გაუფასურდა. აქვე გრიფიქსი აღნიშნავს, რომ დოლარის გამყარების გამო რეგიონში სხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტაც გაუფასურდა.
„აშკარაა, რომ გაუფასურებული ლარი პრობლემებს უქმნის მათ, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, კრედიტი კი დოლარში. ეს ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ლარის დევალვაციის გამო სავარაუდოდ გარკვეულწილად დაიზრდება ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა, ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო“, - განაცხადა გრიფიტსი.
მასალის გამოყენების პირობები






