როგორც მანამდე ცნობილი გახდა, წისქვილკომპინატებმა ფქვილი გააძვირეს, რასაც კომპანიები ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და დოლარის კურსის მატებით ხსნიან. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პურზე ფასის მატება უკვე დაფიქსირდა ფოთში, კერძოდ ,,ბევრილი ჯგუფის“ პურის მწარმოებელმა ,,ტიბამ“ პური 5 თეთრის ფარგლებში გააძვირა. ,,ნიუპოსტი“ შეეცადა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, თუმცა მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. ანალოგიური ვითარებაა ქუთაისის რამდენიმე პურის საცხობშიც. პურის ფასის მატებაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საუბრობდა ოზურგეთის შპს "ვასაძის პური" აცხადებდა, რომ ქარხანას მხოლოდ ერთი კვირის ფქვილის მარაგი აქვს, რომელიც დაბალ ფასში აქვს შეძენილი, ხოლო მარაგის ამოწურვის შემდეგ, ფქვილის ფასის მატება მათ მიერ წარმოებული პურის გაძვირებას გამოიწვევს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, 5-6 თეთრის ფარგლებში მოუმატა ფასი ბათუმის ერთ-ერთმა პურის საწარმომ.
,,ნიუპოსტის“ ხელთ არსებული მონაცემებით, პურზე ფასის მატებას არ აპირებს თბილისის ლოტკინის პურის ქარხანა და ზუგდიდის პურკომპინატი.
რაც შეეხება პურის ფასის შენარჩუნებას წონის დაწევის ხარჯზე, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, რიგ საცხობებში ადგილი აქვს 30-40 გრამით ნაკლები პურის გამოცხობას, რაც მომხმარებლის მდგომარეობას თითქმის არ ცვლის.
როგორც ,,ნიუპოსტთან“ ზუგდიდის პურკომბინატის დირექტორი ზაზა გაბისონია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილი გაძვირდა, ისინი ცდილობენ მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ ქარხნის ხარჯზე, პური არ გააძვირონ. ,,ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ არ გავაძვიროთ. ეს იქნება ძალიან მძიმე მომხმარებლისთვის, მითუმეტეს რეგიონებში. ზუგდიდის პურკომპინატი ამარაგებს სამეგრელოს რეგიონის საკმაოდ დიდ ნაწილს და ვცდილობთ, სტაბილურობა შევინარჩუნოთ“ - აცხადებს გაბისონია.
პურის მასის შემცირებასთან დაკავშირებით, გაბისონია ამბობს, რომ ზუგდიდის პურკომბინატში არც ამ კუთხით შეცვლილა რამე და არც სამომავლოდ ექნება ადგილი მსგავს გადაწყვეტილებას. ,,მესმის თქვენი შეკითხვა, და ზოგადად ვფლობ მეც ინფორმაციას წონასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვაზე ვერაფერს გეტყვით, ხოლო ჩვენ არც წონას და არც ფასს არ შევხებივართ და არც სამომავლოდ ვაპირებთ ამის გაკეთებას“ - აცხადება ზაზა გაბისონია.
ასევე ცნობილია თბილისის ლოტკინის პურის ქარხნის გადაწყვეტილებაც, რამდენიმე დღის წინ ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ლოტკინის პურის ხარხნის დირექტორის მოადგილემ კახა კუხალაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ყველა ღონეს მიმართავს, რომ პური არ გაძვირდეს, რაც არსებულ ეკონომიკურ ფონზე, კიდევ უფრო მძიმედ დააწვება მოსახლეობას. ,,ფქვილის ფასი 5-6 ლარით უკვე გაძვირდა, ფქვილის გარდა გაძვირდა საფუარი, მარილი, შაქარი, შესაფუთი ცელოფანი, თუ რამე ესაჭიროება პურის ქარხანას, თითოეული დეტალიც კი გაძვირებულია. ისედაც ამ დაძაბულ ფონზე ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და ვიკავებთ თავს, რომ პური არ გავაძვიროთ“ - აცხადებს კუხალაშვილი. მისი თქმით, ქარხანა გამოსავალს საბანკო კრედიტის აღებაში ხედავს. ,,ბანკთდან დავიწყეთ მოლაპარაკება, რომ კრედიტი გამოვიტანოთ, იქნებ ეს ზარალი რაღაცნაირად შევავსოთ. ამ მძიმე სიტუაციაში პური რომ გავაძიროთ, თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევთ“ - ამბობს კუხალაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






