ივანიშვილის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ ქვეყანა არა ეროვნულმა ბანკმა, არამედ საქართველოს მთავრობის არასათანადო მუშაობამ მიიყვანა კრიზისამდე. როგორც რომან გოცირიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, არც ივანიშვილის მიერ მოყვანილი ქვეყნები შეიძლება ჩაითვალოს ვალუტის გაუფასურებასთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითებად:
„ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ხარჯვა დაიწყო მაშინ, როდესაც მას შეეძლო რაიმე ზემოქმედება მოეხდინა ლარის კურსზე, მიუხედავად იმისა რომ მან 200 მილიონამდე დახარჯა, ლარის კურს ეს დიდად არ დატყობია.
სტაბილიზაცია უნდა მოხდეს არა რეზერვების ხარჯვით, არამედ მთავრობის მიერ ბიუჯეტის სწრაფი შეკვეცით, ეკონომიკის გაჯანსაღების სფეროში სწრაფი ქმედებებით, პრივატიზაციის დაჩქარებით , ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცით და ყველა იმ შეზღუდვების მოხსნით, რაც ამ ორი წლის განმავლობაში იქნა მიღებული.“- განაცხადა რომან გოცირიძემ და ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ ვალუტის გაუფასურებასთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითებზეც გააკეთა კომენტარი:
„მოლდავეთი და სომხეთი არის ის მაგალითი, როგორ შეიძლება რეზერვები გაანადგურო და მაინც ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინო კურსზე, ზუსტად ეს არის მაგალითი, როგორ არ გაუფრთხილდნენ ეს ქვეყნები რეზერვებს. სამწუხაროდ, ასეთი სურათი ჩანს დღეს ჩვენთანაც, რადგან ეროვნული ბანკის ინტერვენცია ვერ ახდენს გავლენას კურსზე. მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია ნიშნავს იმას, რომ ის მიუახლოვდა საბაზო ნიშნულს და არა იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამყარა თავისი ინტერვენციით.“- აღნიშნავს გოცირიძე.
ეკონომიკის ექსპერტის თქმით, გამოცხადებული პრივატიზაციები ძალიან დაგვიანებულია და ის მინიმუმ ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, გოცირიძის აზრით ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაკარგული აქვს და საინვესტიციო ობიექტებს ბევრი მსურველი არ გამოუჩნდება.
„ქვეყანამ მრავალი მარეგულირებელი ნორმის აღდგენით დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა და ახლაც ლარის დევალვაციის შემდეგ, როდის აღიდგენს ქვეყანა ნდობას უცხოელი ინვესტორების წინაშე არავინ იცის. ბუნებრივია, დიდი მსურველები ამ ობიექტებს არ გამოუჩნდებათ“- აცხადებს რომან გოცირიძე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






