ამ წუთებში, ლანჩხუთის გამგეობის წინ 30-მდე ადამიანია შეკრებილი. სოფელ აკეთის მოსახლეობა გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა ურუშაძე მათთან შესახვედრად ამ დრომდე არ მისულა და გამგეობის წინ შეკრებილებს, მხოლოდ ტელეფონით დაეკონტაქტა.
როგორც აკეთელები აცხადებენ, ისინი სოფელში საფლავებისთვის ადგილის გამოყოფას ითხოვენ, რადგან ძველ სასაფლაოზე ადგილი აღარ არის.
,,მიცვალებული ხომ უნდა დავასაფლაოთ, ადგილი აღარ არის ძველ საერთო სასაფლაოზე და ვითხოვთ, ალტერნატიული სასაფლაოს გახსნას. სადაც ჩვენ საფლავისთვის ადგილის გამოყოფას ვითხოვთ, არავის არ ეკუთვნის. არც არავის სამოსახლოა და შორს არის სოფლიდანაც. ჩამოვედით, რომ ეს ყველაფერი გვეთქვა გამგებლისთვის და მან არც კი მიგვიღო. ახლობელი გარდაგვეცვალა და ვერ დაგვისაფლავებია“ - განაცხადა ოთარ ირემაძემ.
მათი თქმით, ისინი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები არიან და მსგავსი პრობლემის შესახებ არ გაუგიათ.
,,სად გაგონილა, ხალხო მიცვალებული ვერ დაგვიმარხია. ადგილს ვითხოვთ, მეტს რამეს ხომ არა. მაშინ წავიყვანოთ უნდა ბათუმში და იქ დავმარხოთ . ამის შემდეგ მივხედავთ საქმეს. ან იმ საერთო სასფლაოზე როგორ უნდა დავმარხთ, ძვალი, ძვალზე აწყვია“ _ ამბობდნენ იქ შეკრებილები.
მოსახლეობის თქმით, დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე გამგებელს არ შეხვდებიან და პრობლემას არ მოაგვარებენ. წინააღმდეგე შემთხევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






