“დასრულდა 2014 წელი და როგორც ყოველთვის ადამიანები, კომპანიები, ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები გასულ წელს აჯამებენ. გამონაკლისი არც ჩვენი რედაქციაა. საქართველოს ყველაზე თვალსაჩინო მიღწევა 2014 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია გრძელი გზისა, რომელსაც ჩვენ საერთო ევროპულ ოჯახში მივყავართ. წინ მუხლჩაუხრელი შრომა გველის, მათ შორის, კანონმდებლობის ადაპტაცია, მრავალი სტანდარტის დანერგვა და ყველაზე მთავარი - ქართველი მწარმოებლის ინერციული, სტერეოტიპული აზროვნების გარდატეხა და მისი დარწმუნება, რომ ბიზნესის წარმოების თანამედროვე მეთოდებზე გადავიდეს. თუმცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან სარგებელი მხოლოდ ადგილობრივმა ქართველმა მეწარმეებმა არ უნდა მიიღონ. არამედ უნდა შეიქმნას ისეთი საქმიანი გარემო, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები ჩამოდიოდნენ, ჩადონ რესურსები, გახსნან აქ თავიანთი წარმოება, გამოუშვან პროდუქცია და გაიტანონ იგი ექსპორტზე ევროპულ ბაზარზე. ამასთან, მათ საქართველოს ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენების რეალური, კონკურენტული უპირატესობა უნდა დაინახონ. სწორედ მსხვილ, პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის საწარმოო სექტორში, შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისგან მაღალი სარგებლის მიღებას. და მაინც, ამ ამოცანის რეალიზებას სავსებით განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება იმისგან, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. თუ შევადარებთ ბოლო წლების განმავლობაში უცხოელი ივესტორებისთვის შექმნილ შესაძლებლობებსა და ახალ დაბრკოლებებს (უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლების შეზღუდვა, ახალი სავიზო რეგულაციების დაწესება და სხვა), სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი გადაწონის. ეს ყველაფერი ქვეყნაში დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ხდება. დღეს საქართველოს ეკონომიკა ახალ ”წარმატების ფორმულას” საჭიროებს. სააკაშვილის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) მთავრობას ჰქონდა თავისი ფორმულა, რომელზეც თავიდან ბოლომდე უარი თქვა რა დღევანდელმა ხელისუფლებამ, სანაცვლოდ ახალი, უფრო მომხიბვლელის შემოთავაზება ვერ შეძლო. ამასთან, მსხვილი უცხოელი ინვესტორები ჯერჯერობით არ ჩქარობენ ჩვენს ეკონომიკაში სერიოზული თანხების ჩადებას და მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან... მოლოდინში იმისა, თუ როდის მოხდება მთავრობის მიერ საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ნათელი და დასაბუთებული ხედვის ფორმირება. ამასთან, ეს ხედვა ისეთი ცხადი და დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ არამარტო თავად მინისტრების დარწმუნება შეძლოს, არამედ ინვესტორებისა, რომელთა ინვესტიციებიც საქართველოს დღეს არანაკლებ სჭირდება, ვიდრე 10 წლის წინ“, - წერს ლევან ჭითანავა.
მასალის გამოყენების პირობები






