"ჩემს შვილს სკოლაში ორი თავის თანაკლასელი, თვეებია, ამცირებს და ფიზიკურადაც ჩაგრავს. ჩემი შვილი გააბოროტეს. რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბავშვური ჭკუით ერთ-ერთ მათგანს სკამზე მახათი დაუდო." - ამბობს ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
ეს ამბავი გაკვეთილზე მოხდა. დაპირისპირებული მოსწავლეები გოგონები არიან. მახათი მასწავლებლის მაგიდიდან იყო აღებული.
,,სკამები ისეთი ფორმისაა, რომ დასაჯდომ ადგილას ნასვრეტები აქვს. ამიტომ მახათი ჩემმა შვილმა სკამზე ადვილად დაამაგრა. საბედნიეროდ, ის ბავშვი სკამზე ისე დაჯდა, რომ დაზიანება არ მიუღია. მახათი კი შუაზე გადატყდა. ნივთმტკიცება მასწავლებელმა შეინახა" - ყვება მოსწავლის მშობელი.
ბავშვის მშობელი, მოსწავლეებს შორის აგრესიულ დამოკიდებულების შესახებ, ამახვილებს ყურადღებას.
მახათის დადების ფაქტამდე კლასის დამრიგებელად 80 წლის პედაგოგი მუშაობდა. იმ მიზეზით, რომ ის კლასის მოსწავლეებს ვერ იმორჩილებდა, მშობლების მოთხოვნით დამრიგებელი შეცვალეს.
,,მინდა, რომ ჩემი შვილი სხვა სკოლაში გადავიყვანო, მაგრამ მასწავლებელმა მირჩია, რომ ეს არ გამეკეთებინა. სკოლას იმიჯი შეელახებაო" - აცხადებს ბავშვის მშობელი.
ამ სკოლაში მომხდარი ფაქტები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებმა. 17 წლის მოზარდი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გულმკერდის არეში დაჭრეს. დაზარალებული მე-11 კლასის მოსწავლეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაკავებული კი 19 წლის მოზარდია.

წყარო: qartli.ge
მასალის გამოყენების პირობები






