ზუგდიდში ადგილობრივი გამოცემის „კოლხური ვერსიის“ რედაქციას მერიის გადაწყვეტილებით დაკავებული ფართი დაატოვებინეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით „კოლხური ვერსიას“ რედაქტორმა ნანა ფირცხალავამ ბრიფნგი გამართა და განაცხადა, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხდება .
ნანა ფირცხალავას თქმით , გაზეთის რედაქცია ზუგდიდის მერიის საკუთრებაში არსებულ შენობაში კანონიერად ხელშეკრულების საფუძველზე იყო განთავსებული, ხოლო მერიას ახალი აქტი არ გამოუცია, რომლის მიხედვითაც რედაქციას დაკავებული ფართი უნდა დაეტოვებინა.
რედაქტორი მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ზუგდიდის მერიას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
ნანა ფირცხალავას განცხადებით, რედაქციაზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთში დაიწერა სტატია სახელწოდებით „დააკვირდით ვის ირჩევთ“. სტატიაში განხილული იყო საარჩევნო კანდიდატების ბიოგრაფიები, სადაც ერთ-ერთი კანდიდატის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გამოიკვეთა .
რედაქტორის თქმით, მერმა სტატიის გამო შური იძია და გაზეთის რედაქციას ყოველგვარი გაფრთხილებისა და განმარტებების გარეშე მათ ხელთ არსებული ერთადერთი სამუშაო ოთახი წაართვა. მაშინ როდესაც ამავე შენობაში 22 სხვადასხვა სახის ორგანიზაციაა განთავსებული, შერჩეული იქნა მხოლოდ ეს გაზეთი.
ფირცხალავას თქმით, ეს ფაქტი მიანიშნებს იმას, რომ რადგან „კოლხური ვერსია“ ადგილობრივი მერიისთვის არასასურველ ინფორმაციას ავრცელებდა, მისი არსებობა ზუგდიდის ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა
გამოცემის რედაქტორი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, იგი მზად არის სამართალდამცავებს მიღებული მუქარის შემცველი წერილები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები






