„საშუალო სკოლებში დაუყოვნებლივ შემოსაღებია ე.წ. „კრიტიკული აზროვნების" სრული კურსი, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა საჯარო თუ კერძო სკოლისათვის - აცხადებს ნიკა რურუა და ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „კრიტიკულ აზროვნებამდე, აზროვნება გვაქვს ქართველებს სასწავლი“ - წერენ კომენტარებში ყოფილ მინისტრს.
ნიკა რურუა: „ეს დისციპლინა ყველა თავისუფალ ქვეყანაში ისწავლება, რადგანაც ანალიტიკურად აზროვნების უნარი დემოკრატიული მმართველობის სისტემისთვის აბსოლუტურ sine qua non-ს წარმოადგენს.
კრიტიკული აზროვნება აყალიბებს ელემენტარული ლოგიკური მსჯელობისა და რაციონალური მოქმედების უნარს მოქალაქეებში, რაც მათ ეხმარება არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნისთვისა და საერთო კეთილდღეობისათვის გადამწყვეტ მომენტებში მათ სწორი არჩევანის კეთება შეძლონ.
ამდენად, მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების უნარზეა დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობისა თუ წინსვლის პერსპექტივა.
კრიტიკული აზროვნების არსებობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც, რადგანაც ამ უნარების ქონა-არქონა ადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერთა ვინაობასა და ხარისხს.
P.S. კრიტიკული აზროვნების უნარიან ხალხს ვერავინ გადააყლაპებს ისეთ ბრიყვულ კლიშეებს როგორიცაა "ვაზი გაჩეხეს!", "ქართველობას გვართმევენ", "სისხლიანი 9 წელი", "გვაპიდარასტებენ!", "ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს", "ამერიკა და რუსეთი ორივე ერთი ნაგავია", "ოჯახური ძალადობა შემოგდებული თემაა", "გარყვნილი დასავლეთი" და ა.შ.“
ამ სტატუსით დაინტერესებული „ნიუპოსტი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრს დაუკავშირდა.
- ბატონო ნიკა, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყავით, მაშინ რატომ არ იზრუნეთ „კრიტიკული აზროვნების“ დამკვირებისთვის?
-„ქვეყნის მთავარი ფიგურა" ცოტა არ იყოს გადამეტებული შეფასებაა. მე ვიყავი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ეს კი განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.
-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არ არის?
-სამწუხაროდ არა... თან ეს პრობლემა მთელი სიცხადით ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა.
-როგორ ფიქრობთ, როდის ეზიარებიან ქართველები „კრიტიკულ აზროვნებას?“
-როცა ამას ისწავლიან.
-ანუ როდის ამოქმედდება თქვენი იდეა?
-განათლების სისტემაში საჭირო რეფორმის ჩატარებისთანავე.
-ეს როდის იქნება, როგორ ფიქრობთ?
- ნორმალური ხელისუფლების ხელში. აღარ მკითხოთ ახლა ეს როდისღა იქნებაო? როცა მეოცნებეებს გავისტუმრებთ:) ანუ მომავალ არჩევნებზე...
მასალის გამოყენების პირობები






