აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ამბობს, რომ ვალუტის კურსის ვარდნამ მათი მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში, სადაც ხალხს სურსათის შეძენა ადგილობრივ ბაზრებში უწევს.
გალის რაიონის მოსახლეობის განცხადებით ფასმა ყველაფერზე მოიმატა, მათი განცხადებით ისინი პროდუქტს ლარში ყიდულობენ და იშვიათად რუბლში. ამ დროისთვის კი ორივე ვალუტა გაუფასურებულია.
ადგილობრივების განცხადებით შაქარი მინიმუმ 2,5 ლარი ღირს, 1 კგ კარტოფილი 2 ლარი, 1 შეფუთვა მარილი 1 ლარი. გაცილებით რთულ მდგომარეობაშია ოჩამჩირის, სოხუმისა და გაგრის მოსახლეობა. გარდა იმისა, რომ პროდუქტის ნაწილი რუსეთიდან შეაქვთ, მოვაჭრეები ამ ტერიტორიების სურსათით მომარაგებას ზუგდიდიდან, გალის გავლით ცდილობენ. ამ გზით მოხვედრილი პროდუქტის ფასი აფხაზეთში ძალიან ძვირია. სოხუმში განსაკუთრებით ძვირია ხილ-ბოსტნეული. გალში არსებულ ფასთან შედარებით , პროდუქტი აფხაზეთის მთავარ ქალაქში 20-30 % -ით ძვირია.
პროდუქტით მომარაგების მხრივ ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლებს პრობლემა ნაკლებად აქვთ, თუმცა ადგილობრივების თქმით მათ შეძენის საშუალება არ აქვთ. ახალგორში ქართული პროდუქტის ღირებულება დანარჩენ საქართველოში არსებულ ფასებს დიდად არ აღემატება, თუმცა ცხინვალის შემთხვევაში ასე არ არის , ცხინვალში ფასი ორმაგდება და ვაშლიც კი რომელიც ამ რეგიონში ყველას საკარმიდამო მამულშია, 3 ლარი ღირს.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






