საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციების დაბალანსებული მოდელი შეიმუშავეს.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს აღნიშნული მოდელი, შეესაბამება საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ამასთანავე უცხოელი ინვესტორების უფლებებსაც იცავს.
ყველაზე მეტი კითხვები ცვლილებების პროექტის იმ ნაწილმა გააჩინა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ”უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით.”
რა არის კომლი, რა მოიაზრება ამ ტერმინოლოგიის ქვეშ, რა პროცედურების გავლაა კომლში შესვლა-გასვლისთვის და რა ზეგავლენას მოახდენს ეს ცვლილება საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზე- ამ საკითხებთან დაკავშირებით ”ნიუპოსტი” იურისტ იაგო ხვიჩიას ესაუბრა.
_თუ არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ტერმინოლოგია ქართული კომლი, კომლში შესვლა და გასვლა?
_,,ქართული კომლი“ არა, მაგრამ ,,კომლი“ არსებობს, ეს ტერმინი გვხვდება რამდენიმე კანონში, როგორიცაა, საქართველოს კანონები ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“, ,,სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ა.შ.
თუმცა არც ერთ ნორმატიულ აქტში არაა გაწერილი კომლში შესვლის და გამოსვლის საკითხი, ასევე იმ პირთა ვინაობა, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კომლის წევრებად. ეს საკითხები რეგულირდებოდა ძირითადად საბჭოთა და ცოტათი პოსტსაბჭოთა კანონმდებლობით, ხოლო შემდგომ 2000-იანი წლებიდან, ქვეყანამ აირჩია, საკომლო საკუთრების გაუქმების და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განვითარების გზა, რის მიხედვითაც მესაკუთრე, გნებავთ სამართალურთიერთობის სუბიექტი, არის კონკრეტული პირი (ოჯახის წევრი) და არა ამ პირთა ერთიანობა - კომლი.
თუმცა , როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონმდებლობაში გვხვდება სიტყვა ,,კომლი“, მაგრამ ყველა არსებული რეგულირება, შეეხება მოქმედ კომლებს და არა ახალი კომლების შექმნას და განვითარებას.
_კომლში შესვლა რას გულისხმობს?
_დღევანდელი კანონმდებლობით არაფერს, ერთგვარი ოქსიმორონია, ვინაიდან არ არსებობს, კომლების და კომლთა წევრების მარეგისტრირებელი ორგანო. ადრე კი ნიშნავდა, სოფელში ოჯახში შესვლას, რომლის ფორმები შეიძლება ყოფილიყო, ქორწინება, შვილად აყვანა, ოჯახის გაყოფის შედეგად ახალი კომლის შექმნა და სხვ.
_თუ ინვესტორს სურს მიწის შეძენა და ინვესტიციის ჩადება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რაიმე სფეროში, მაგრამ არ სურს კომლში შესვლა, მთავრობის უარს ეტყვის?
_ჩვენ ჯერ არ ვიცით, რას იზამს მთავრობა ამ მიმართულებით, მათ მიერ კომლში შესვლა შემოთავაზებული იყო, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) ვარიანტად, არის სხვა პირობებიც შემოთავაზებული, მაგრამ ყველა შემოთავაზებული პირობა თუ დათქმა, წარმოადგენს ზედმეტ რეგულირებას და ხელისშემშლელს უცხოელი ინვესტორებისათვის.
_როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა, კონკრეტულად კი საქართველოს მსგავსი ქვეყნების?
_ძალიან რთულია ასე ზოგადად საუბარი, არის ქვეყნები რომელიც ლიბერალურად უდგება ამ საკითხს და პირიქით, ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, ვფიქრობ მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ რომელი მიდგომაა ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული და რის მიღწევას ვცდილობთ ამით, კანონპროექტების ავტორები გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ხელშესაწყობად, მაგრამ ადმინისტრაციული ბარიერების შექმნა ვერ იქნება, ინვესტიციების შემოსვლის ხელშემწყობი გარმოება, უფრო მეტიც, უკვე შემოსულ ინვესტორებსაც დააფრთხობს.
ხოლო ის, რომ მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოელზე, ჩემი აზრით, არის საბჭოთა მიდგომა (ამ პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ მიწა საერთოდ არ იყო ვაჭრობის ობიექტი), რაც აისახა კიდევაც პოსტსაბჭოთა პერიოდის კანონმდებლობაში და სამწუხაროდ, მისი ბოლომდე დაძლევა, ვერ მოახერხა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ.
მასალის გამოყენების პირობები






