როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ადვოკატი განმარტავს, სოსანაშვილთან დაკავშირება ამ უკანასკნელის დის და სიძის მეშვეობით მოხდა.
მისივე განმარტებით, სწორედ მათ გადაუხადეს საადვოკატო მომსახურების საფასური.
„მე დამიკავშირდა მისი სიძე და და, გავაფორმეთ ხელშეკრულება და სწორედ მათ გადაიხადეს მომსახურების საფასური ბანკში, ამის დამადასტურებელი ქვითარიც მაქვს. ასე მოხდა ჩვენი შეხვედრა. რაც შეეხება საიდან ვიცნობ მის დას და სიძეს, მე მყავდა სხვა კლიენტები სხვა საქმეებიდან გამომდინარე და სწორედ ერთ-ერთმა კლიენტმა გაუწია მათ რეკომენდაცია ჩემთან“, - განმარტავს ადვოკატი.
რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასთან კავშირს, ჯოგლიძე ადასტურებს, რომ ის მისი კლასელია, თუმცა ამბობს, რომ ბოლო 15 წელი მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.
„არანაირად არ მომხდარა ჩემი სოსანაშვილთან დაკავშირება ფირცხალავას მხრიდან. ეს საერთოდ რა ინფორმაციაა და საით მიჰყავთ ყველაფერი, არ ვიცი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს ინფორმაციებს. ფირცხალავა იყო ჩემი კლასელი, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 15 წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. კიდევ ვიმეორებ, შემიძლია წარმოგიდგინოთ ხელშეკრულება და ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა გადაიხადა სოსანაშვილის დამდა სიძემ“, - განაცხადა ჯოგლიძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ფირცხალავა, სოსო ჯოგლიძე და ფირცხალავას მეუღლე თანაკლასელები არიან. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯოგლიძე სოსანაშვილს სწორედ ფირცხალავამ დაუქირავა.
მასალის გამოყენების პირობები






