მალე მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს ვიზეიმებთ. საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან, რომელთაც სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე ვიხილავთ. როგორც ცნობილია საღამოს ლეგენდარული და ქართველებისთვის ძალიან საყვარელი მსახიობი ალენ დელონი წაიყვანს.
სწორედ ამ კონცერტზე დასასწრები 90 და 100 ლარიანი ბილეთები, პაატა ბურჭულაძის თხოვნით, უკვე ორი დღეა რაც 60 ლარად იყიდება.
როგორც საღამოს ორგანიზატორი კომპანია “არტპალასი” იტყობინება, მათ დაუშვეს საჩუქარი მათთვის, ვინც პაატა ბურჭულაძის საღამოზე დასწრებას ვერ ახერხებდა.
“ძალიან კარგი სიახლე გვაქვს პაატა ბურჭულაძის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის, რომლებიც, საბედნიეროდ, იმაზე მეტი აღმოჩნდნენ, ვიდრე ველოდით. თავიდანვე გავითვალისწინეთ უამრავი მსურველის ფინანსური მდგომარეობა და კონცერტის მასშტაბურობის და დიდი ბიუჯეტის მიუხედავად 10 და 25 ლარიანი ბილეთებიც კი ჩავუშვით გაყიდვაში. დაბალფასიანი ბილეთები ორ დღეში გაიყიდა, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომელთაც არ აქვთ 90 და 100 ლარიანი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა უბილეთოდ დარჩა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბატონი პაატას თხოვნით კომპანია ,,ლილო მოლმა” დიდი საჩუქარი გაუკეთა საღამოზე დასწრების ყველა მსურველს: 90 და 100 ლარიანი ბილეთები 60 ლარად იყიდება, ფასთა შორის დანაკლისს კომპანია ,,ლილო მოლი“ დაფარავს,” – განაცხადა “არტპალასის” პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






