უბედური შემთხვევა 10 თვის წინ მოხდა, როცა ირაკლი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ხერხემალი დაიზიანა. ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სარეაბილიტაციო კურსისთვის საშუალება ვერ გამონახეს: 'აგვისტოს ომში ვბრძოლობდი, საკონტრაქტო ჯარში ვმსახურობდი, მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონში. ახალგორის, ჯავისა და ცხინვალის რაიონის სოფლებში ყველგან მოგვიწია საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. ომის შემდეგ ჯანმრთელობა გამიუარესდა, ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე, ხშირად გონება მეკარგებოდა. იმ დღესაც ასე დამემართა, ფანჯარასთან ვიდექი, გონი დავკარგე და გადავარდი. დახმარება მჭირდება, ექიმები იმედს მაძლევენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ფეხებში მგრძნობელობა დამიბრუნდება. თავადაც ხედავთ ჩემს ოჯახს თუ გაჩნია მაგისი საშუალება. არადა კურსის ჩატარება მიგვიანდება, ამის გამო, ნაწოლები გამიჩნდა, ფეხის თითებმა ლპობა დაიწყო"-გვიყვება ირაკლი.
გოგოლაძეები სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას გასული წლის დეკემბრის თვეში მიაკუთვნეს. ამის გამო, ქალაქის მერიიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება ვერ მიიღო. პენსია, რომელიც მიკუთვნებული ჯგუფის გამო დაენიშნა, სამკურნალო საშუალებების, მალამოების საყიდლად თუ ჰყოფნის. ახლა ყველაზე მეტად იმათი დახმარების იმედი აქვს, ვისაც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ევალება და შეუძლია, სხვა შემთხვევაში, როგორც თავად გვეუბნება, მოუწევს იმ მდგომარეობასთან შეგუება, ლოგინს მიჯაჭვული ახალგაზრდა კაცის უიმედობა რომ ჰქვია.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






