შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ხევი დაასუფთავა. დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა ეგრეთ წოდებული საბურავების სასაფლაო, სადაც 3 თებერვალს ხანძარი გაჩნდა.
ხუდადოვის ხევი და მიმდებარე ფერდობი სპეცტექნიკის მეშვეობით კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ სამოცმა სპეცთანამშრომელმა დაასუფთავა.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე ლევან ნაროუშვლი.
გიორგი სოლომონიას თქმით, თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით მიმდინარეობს ქალაქის მასშტაბით პარკების ხევებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება. გიორგი სოლომონია მოსახლეობას მოწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და მოუარონ საკუთარ ქალაქს და ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. მისივე თქმით, ხევების დაბინძურებისთვის ჯარიმები გამკაცრდება.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ს დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.
მასალის გამოყენების პირობები






