ხათუნა ჟორდანია პროექტმა "ორი ვარსკვლავი" გამოაცოცხლა, მძიმე განწყობიდან გამოიყვანა. ჟორდანია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ შეთავაზებაზე მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც ქმარ-შვილისგან, ზურა ხაჩიძისა და ნინი ქარსელაძისგან მხარდაჭერა მიიღო.
„ბოლო პერიოდში "წოლითი რეჟიმი" მქონდა. როდესაც "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას დავთანხმდი, სტიმული მომეცა. მგონია, რომ ის ენერგია დამიბრუნდა, რომელსაც დიდი ხანი ვერ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. რაც მთავარია, დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს და არ ვიღლები. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
ცუდ განწყობაზე ხშირად ხართ?
„ეჭვი მაქვს, რომ დეპრესიისადმი ვარ მიდრეკილი. ადრეც მქონდა დეპრესიის შემთხვევები, მაგრამ ეს, ყველაზე დიდხანს, ერთ კვირას თუ გრძელდება. მერე შემოვუძახებ ჩემს თავს და ფეხზე ვდგები. მგონია, რომ ეს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და, როგორც კი მოვინდომებთ, რომ დეპრესიიდან გამოვიდეთ, აუცილებლად ვშველით თავს“.
რითი გამოიხატება თქვენი დეპრესიულობა?
„ სახლში ვიკეტები და საწოლიდან საერთოდ არ ვდგები“.
ასე ცუდად რა მოქმედებს თქვენზე, რამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ?
„ ბევრმა რამემ. პირველ რიგში, ქართული ტელევიზია, რომელიც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს და მაფორიაქებს. ხალხის სოციალური მდგომარეობა და ამდენი გაჭირვებაც მოქმედებს ჩემზე. ოჯახში თითოეულ წევრთან არის ხოლმე პატარ-პატარა პრობლემები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ლოგინად მაგდებს“.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






