,,ნიუპოსტს“ ბექა პაპუაშვილის უბნელებმა რამდენიმე დეტალის შესახებ უამბეს. ერთ-ერთი ვერსიით, რესტორან ,,ვილაძარაში“ დაპირისპირება არა ზურაბ ვაზაგაშვილთან არამედ ვაზაგაშვილის ბიძაშვილთან მოხდა, კერძოდ, რესტორანში მყოფ ბექა პაპუაშვილსა და მის მეგობერბთან, უცნობი პიროვნება მივიდა და მათ სანთებელა სთხოვა, დაბრუნებისას, ახალგაზრდამ სანთებელა მაგიდაზე ისე დაუხეთქა, რომ სანთებელა აფეთქდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ხოლო ეს უკანასკნელი კი ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ვაზაგაშვილის ბიძაშვილი დუნდულაში დანით იქნა დაჭრილი. ვაზაგაშვილის ბიძაშვილმა ,,საქმის გარჩევის“ მიზნით, საქმეში ზურაბ ვაზაგაშვილი ჩართო. თუმცა როგორც მოგვიანებით პაპუაშვილის ბიძამ, 2006 წელს ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გაანცხადა, რესტორანში თავად ზურაბ ვაზაგაშვილი იმყოფებოდა, იგივე განაცხადა რამდენიმე წლის წინ იური ვაზაგაშვილმა, როცა მან ლევან გაბუნიას ბრალდებას უპასუხა, კერძოდ იური ვაზაგაშვილის თქმით, მისი შვილი პაპუაშვილმა დაჭრა და მისი საავადმყოფოში ყოფნის დამადასტურებელი საბუთებიც კი არსებობს.
ფაქტია, ,,ვილა-ძარაში“ მომხდარს ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. როგორც ,,ნიუპოსტს“ უამბეს, რესტორანში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პაპუაშვილის სახლთან რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად იდგა მუქი ფერის ავტომობილი: ,,იმდენად ხშირად იდგა, რომ ბოლოს ეჭვიც გაჩნდა, ვის უთვალთვალებდნენ, ისიც კი ვიფიქრეთ, ვინმეს შეყვარებული გოგოს მოტაცება ხომ არ სურდა...“. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ავტომანქანაში მჯდომი პირები უთვალთვალებდნენ ბექა პაპუაშვილს. ,,ერთ დღესაც, როცა ბექა სადარბაზოსთან გამოჩნდა, მას ჩაუსაფრდნენ და იარაღით გამოედევნენ, გიორგი გაბუნიამ, მისმა მეგობარმა გაქცევა მოასწრო, ხოლო ბექა სადარბაზოსკენ გამოიქცა, პირველ სართულზე მეზობელს კარზე უბრახუნებდა და შველას ითხოვდა, როცა მეზობელმა კარი არ გააღო, მეორე სართულზე ავარდა, რა დროსაც მას დაეწიენ და სწორედ სახლის კართან ესროლეს... იმავე დღეს ითქვა, რომ რაღაც ისეთი ტყვიით ყოფილა დაჭრილი, რომელმაც ორგანიზმში სხვა ორგანოებიც დაუზიანაო... როცა ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებს უკვე გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ და ოპერაციიდან დაახლოებით ნახევარ საათში საწყალმა ბიჭმა სული დალია. ჩვენც ასე ვიცოდით, რომ მკვლელი ზურაბ ვაზაგაშვილი იყო... რაც შეეხება გაბუნიას, ერთი წლის თავაზე, საქმე თითქმის უკვე გახსნილი იყო, როგორც ამბობდნენ, როცა მოულოდნელად გიორგის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ, უბანში თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭი კი არ გადმოხტა, არამედ გადმოაგდეს და მაშინვე ისიც ითქვა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი გაბუნიას მკვლელობაშიც იყო ზურაბ ვაზაგაშვილი, რომელმაც ამ ქმედებით პაპუაშვილის მკვლელობის მთავარი მოწმე მოიშორა და კვალი დაფარა“ - ჰყვება ,,ნიუპოსტთან“ პაპუაშვილის მეზობლად მცხოვრები.
,,ნიუპოსტი“ აქვე გთავაზობთ მოკლული ბექა პაპუაშვილის ბიძის უშანგი კელენჯერიძის ინტერვიუს, რომელიც მან “კვირის პალიტრას” 2006 მისცა:
“2002 წლის 23 ნოემბერს ბექას რესტორან “ვილა-ძარაში” ზურაბ ვაზაგაშვილთან ჩხუბი მოუხდა. ბექას მოკვლას ვაზაგაშვილი იმ დღესვე აპირებდა, გულში დანის ჩარტყმა უნდოდა, მაგრამ ბექამ დანა ხელით დაიჭირა და იმ დღეს სიკვდილს გადაურჩა. პირიქით, ვაზაგაშვილი დუნდულში დაჭრეს. ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს, ბექა თავის სახლთან მოკლეს. მკვლელი სადარბაზოსთან ელოდა. მკვლელობამდე შვიდი წუთით ადრე, ბექას სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ვაზაგაშვილს დაურეკეს და იცით, ვისი ტელეფონიდან იყო ზარი? – იმ ქალისა, რომელიც 23 ნოემბერს ვაზაგაშვილს რესტორან “ვილა-ძარაში” ახლდა. გარდა ამისა, მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩა ვაზაგაშვილის ავტომანქანაც. ერთი სიტყვით, სამხილები საკმარისზე მეტი იყო. ვაზაგაშვილი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ელენე თევდორაძის შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს(!). ბექას იმ დღეს ორმა ესროლა. ერთს TT ჰქონდა, მეორეს – მაკაროვი. ბექა ორივე სისტემის იარაღიდან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი. ბექა თავისი ფეხით ავიდა სახლში და დაჭრილი ბებიამისს ჩაუვარდა ხელებში. გამოძიება დაიწყო. ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის მაშინდელმა უფროსმა ლაერტ დუღაშვილმა საქმე ისეთ გამოუცდელ გამომძიებელს ჩააბარა, რომ მან მომხდარს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. მერე გამომძიებელ ფირცხალავას გადასცეს, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ფელიქს ძიმისტარაშვილმა საქმე “ჩაფარცხა”. ის ვაზაგაშვილის მეზობელი იყო – ძიმისტარაშვილის შვილი და ზურაბ ვაზაგაშვილი მეგობრები იყვნენ… ვაზაგაშვილის დაჭრა რესტორან “ვილა-ძარაში” სპეციალურად დაიფარა და საავადმყოფოს შეტყობინებაც გააყალბეს. ამის მერეც არ გამოიძიეს საქმე ობიექტურად. სამი წლის განმავლობაში ვის არ მივმართეთ, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უტყუარი ფაქტები, ეჭვმიტანილი ვაზაგაშვილი ორ-სამ დღეში გაათავისუფლეს და როგორც საგამოძიებო მასალებშია მითითებული, მისი უდანაშაულობა თურმე ელენე თევდორაძის შუამდგომლობით “გამაგრებულა”. ეს აბსურდია, სამართალდამცველებსა და შსს-ს ჩინოვნიკების ჩარევის გარეშე ამ საქმეს ელენე თევდორაძის შუამდგომლობა ვერ უშველიდა. მკვლელობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა და იმას, ვინც ასე აშკარად ისვრის, ცხადია, გავლენიანი მფარველიც ეგულება.
ვაზაგაშვილის ლიკვიდაციით ჩვენს ოჯახს არაფერი მომატებია. პირიქით, სამართალდამცველებს რომ მაშინ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინათ, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. ამ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა გამოძიება?”
მასალის გამოყენების პირობები






