გაფართოებულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, დუბლინის მერიის დელეგაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის შუქნიშნების და მოძრაობის მართვის სისტემას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 6 თებერვლამდე გასტანს, დუბლინის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა ტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების კუთხით არსებულ პრობლემებს და დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ მიმართულებით დუბლინის 20 წლიან გამოცდილებას გაუზიარებს.
თბილისის მერის განცხადებით, თვენახევრის წინ, დუბლინში ვიზიტისას გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების და საცობების მართვის სისტემას და დუბლინის მერიის წარმომადგენლები თბილისში მოიწვია.
„ირლანდიელი სპეციალისტები ქალაქში საცობების მხრივ არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, რის შემდეგაც, საკუთარ პრაქტიკაზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ განვავითაროთ შუქნიშნების თანამედროვე სისტემა, რათა ქალაქი საცობებისგან განვტვირთოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დუბლინის მერიის გარემოსა და ტრანსპორტის სამსახურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსის, ბრენდან ობრაიანის განცხადებით, დელეგაცია ადგილზე შეისწავლის პრობლემურ საკითხებს და ქართულ მხარეს დახმარებას აღმოუჩენს.
„ჩვენი ვიზიტი მოყვა თბილისის მერის ვიზიტს დუბლინში, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ შედგა. ჩვენ გავეცანით ტრანსპორტის მართვის სისტემას. ჩამოვედით იმიტომ, რომ დუბლინის 20 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ და პრობლემურ საკითხებში აღმოგიჩინოთ დახმარება“ - განაცხადა ბრენდან ობრაიანიმ.
დუბლინის მერიის დელეგაციის ვიზიტი თბილისში დღეს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში დუბლინის მერიის გარემოსა და ტრანსპორტის სამსახურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი, ბრენდან ობრაიანი და დუბლინის მერიის გარემოსა და ტრანსპორტის სამსახურის, ტექნიკური მომსახურების განყოფილების მთავარი ინჟინერი, ეოგან მედდენია.
მასალის გამოყენების პირობები






