2015 წლის იანვარში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატება დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ;
ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი).
2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,4 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,75 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 პროცენტი), თევზეული (3,1 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,3 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები






