არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ გოგა ხაინდრავასგან, „მტკიცებულებების“ დაუყოვნებლივ წარდგენას ითხოვს, რომლებიც დაადასტურებს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მილიონობით დოლარის მიღებას პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ხაინდრავასგან რეპუტაციის შემლახავი განცხადების გავრცელებისთვის გამო საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს ბ-ნ გოგა ხაინდრავას, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს „მტკიცებულებები“, რომლებიც ადასტურებენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მილიონობით დოლარის მიღებას პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი განცხადების გავრცელებისთვის.
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას ბრალდებებს ორგანიზაციისა და მისი დირექტორის, ნინო ლომჯარიას მიმართ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სიცრუე და მიზნად ისახავდა არამარტო საქართველოში მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას, არამედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული უანგარო დახმარების დისკრედიტაციას. „სამართლიანი არჩევნები“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს (რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარმოვუდგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები - კონტრაქტები, აუდიტის დასკვნები), რომ 2011 წლის ოქტომრიდან, (მას შემდეგ რაც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ნინო ლომჯარია), „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ორი მცირე გრანტი ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან (EPF), რომელიც დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და ამ დაფინანსების საერთო თანხა შეადგენდა 34 371 აშშ დოლარს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გრანტი არ წარმოადგენდა პოლიტიკური ხასიათის პროექტს.”-ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






