ასეთი სიყვარულის ისტორია ჯერ არ მოგისმენიათ. გიორგი გურგულიას და ლარისა გიგაურს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. გიორგიმ ლარისა მეგობრებს მაშინ გააცნო, როცა თავად არ იცნობდა. რატომ წაიყვანა გაცნობიდან მეორე დღეს საგიჟეთში თავისი რჩეული და როგორ მოხვდნენ ბორდელში, ამასთან დაკავშირებით შეყვარებული წყვილი პრაიმტაიმთან საუბრობს:
გიორგი:
– გია ნიკოლაძესთან და სხვა მომღერალ ძმაკაცებთან ერთად კაფეში ვიყავით. კონცერტი ჰქონდათ ჩემს მეგობრებს, თან ვსვამდით. იმ პერიოდში ერთ გოგოს მოვწონდი. გამომტყუა სად ვიყავი და დაუპატიჟებლად მოვიდა. მეგობარი გამოვაცილე გარეთ, ვსაუბრობდით. ამ დროს მოვიდა ლარისა. მაგიდის დაჯავშნა უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე ძალიან მთვრალები ვიყავით და უკან გაბრუნდა. გარეთ ტაქსი ელოდებოდა. კიბეებზე შევხვდით ერთმანეთს. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. უკვე არსადო, გამიღიმა. მეც გავუღიმე. ჩავიდა, ტაქსი გაუშვა და დაბრუნდა. ჩვენ მაგიდასთან მივიყვანე, მეგობრებს ისე გავაცანი, რომ მეც არ ვიცნობდი.
ლარისა:
– დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში ვცხოვრობდი და ქართულ კინოსთან შეხება არ მქონია, შესაბამისად, ქართველ მსახიობებსაც ცუდად ვიცნობ. მაშინ გიორგის სახეზეც არ ვიცნობდი. ის ჩემთვის იყო უბრალოდ ძალიან სიმპათიური მამაკაცი, მეტისმეტად კეთილი თვალებით. მერე, როცა უკვე გავიგე ვინ იყო, გავიხსენეთ ფილმი მისი მონაწილეობით, „ორმაგი სახე“ და გამახსენდა, რომ ყოველთვის ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი ამ მამა-შვილურ დრამას.
– გიორგი, იმ გოგოს, დაუპატიჟებლად რომ მოვიდა, ლარისას დანახვაზე რეაქცია არ ჰქონდა?
გიორგი:
– იმან იეჭვიანა, სცენა მომიწყო, ვისში გამცვალეო, მითხრა და გაიქცა. იმ დღესვე გავიტაცე ლარისა.
– სად გაიტაცე?
– ეს საიდუმლოა (იცინიან). მის მერე ერთად ვართ.
– ლარისა, ზღაპარს ჰგავს ეს ამბავი. ასე, ერთი ნახვით როგორ მიხვდი, რომ გიორგი შენიანი იყო?
– ზოგადად ძალიან რთული ადამიანი ვარ, უხეში, მკაცრი. გამორიცხულია, რომ ასე, უცხო მამაკაცი გამომელაპარაკოს და მას გავუღიმო, მით უმეტეს სადმე წავყვე. არ ვიცი, ვერ აგიხსნი, რა დამემართა… მეორე დღეც ერთად გავატარეთ. საგიჟეთში წამიყვანა.
– საგიჟეთში? რატომ?
გიორგი:
– დილით ნაბახუსევზე ჯერ ბულიონი ვაჭამე და მერე საგიჟეთში წავიყვანე. იქ ჩემი მეგობარი, მხატვარი, გიო კილაძე მკურნალობს. ტრავმული შიზოფრენია აქვს. მთელი ასათიანი მოხატა. ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან, კვირაში ერთხელ მაინც. ახლა გლდანში გადაიყვანეს. ერთი საათი ტაქსით ვეძებდით საგიჟეთს. გავაგიჟე ლარისა, მოვიარეთ მთელი გლდანი, ყველა მთაზე ავედით. მთავარი სიგიჟე იქ ელოდებოდა. ასე გიჟურად გრძელდება ჩვენი ურთიერთობა.
http://primetimenews.ge/


მასალის გამოყენების პირობები






